„დიდი მადლობა იმ 49 წლისთვის, რომელიც მან, როგორც საჭეთმპყრობელმა დიდი რუდუნებით ატარა, ეს იყო საქართველოში მართლმადიდებლობის აღირძინების საუკეთესო წლები, თუმცა ეს არ იყო იავარდით მოფენილი გზა,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ რეგიონული ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ამ პოსტით იმ ღვაწლს უსვამს ხაზს, რაც ქვეყნისა და ერისა წინაშე პატრიარქს მიუძღვის. 

"მეორე დღეა მთელი ქვეყნიდან მოდიან მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში ჩვენი პატრიარქის ილია II -ის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად. ვიღებთ სამძიმრებს ჩვენი არაქრისტიანი თანამემამულეებისგანაც, რომლებიც ჩვენს უსაზღვრო მწუხარებას ჩვენთან ერთად იზიარებენ. 

ამ მძიმე წუთებში ძნელია სრულად შეაფასო ჩვენი სულიერი მამის ღვაწლი დედა ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს წინაშე. დიდი მადლობა იმ 49 წლისთვის, რომელიც მან, როგორც საჭეთმპყრობელმა დიდი რუდუნებით ატარა, ეს იყო საქართველოში მართლმადიდებლობის აღირძინების საუკეთესო წლები, თუმცა ეს არ იყო იავარდით მოფენილი გზა.

მხოლოდ 9 აპრილისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, კონფლიქტის ზონიდან ჩვენი გმირი ჯარისკაცების გადმოსვენების გახსენებაც საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, რა რთულ და გამოწვევებით სავსე ეპოქაში მოუწია მას, როგორც სულიერ ლიდერს, ემართა და გაეძლიერებინა დედა ეკლესია. 

დღეს, ძალიან შთამბეჭდავი იყო პატრიარქის ნათლულების მარში, მძიმე დემოგრაფიული სურათის ფონზე, მისი ეს ინიციატივა ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმის, რამდენად დიდი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე სულიერი მამა გვყავდა. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, წმინდა სამოციქულო ეკლესიას, მრევლს და თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას, მთელი მისი მოღვაწეობა იყო ერის სულიერი ერთიანობის სიმბოლო,“ - წერს ვიქტორ ჯაფარიძე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.

უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.