პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ სააქციზო პოლიტიკასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გამართა.

ვლადიმერ კახაძე კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორს, აქციზურ პროდუქტთა ეკონომიკის წამყვანი კვლევითი ცენტრის დირექტორს და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შესაბამისი ჰაბ-ცენტრის ხელმძღვანელს, კორნე ვან ვალბეეკს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვენის საერთაშორისო ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი პირები და მკვლევრები - პროფესორი ჰანა როსი, დოქტორი ნორა კუნგლი და დოქტორი ბილიანა იოვანოვიკიკი

შეხვედრაზე კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა უცხოურ ქვეყნებში არსებული სააქციზო პოლიტიკა მიმოიხილეს, მათ შორის ისაუბრეს: თურქეთის, პოლონეთის, კოსოვოს, რუმინეთის, ბულგარეთის გამოცდილებაზე. სტუმრებმა ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ თამბაქოს აქციზის გადასახადთან დაკავშირებით იმსჯელეს და საკუთარი რეკომენდაციები გაუზიარეს.

როგორც ლადო კახაძემ აღნიშნა, თამბაქოსთან მიმართებაში დაწესებული მრავალი აკრძალვის პარალელურად, მისი მოხმარების შემცირებისათვის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტს გონივრული სააქციზო გადასახადის დაწესება წარმოადგენს.

„ისეთ მავნე პროდუქტზე, როგორიც თამბაქოა, კანონმდებლობაში მთელი რიგი შეზღუდვები გვაქვს, მათ შორის: სადა შეფუთვა, რეკლამის შეზღუდვა, საჯარო სივრცეებში მისი გამოყენების აკრძალვა. ამ ყველაფერთან ერთად, აქციზის გადასახადის გაზრდა ხელს შეუწყობს თამბაქოს ინდუსტრიის მავნე ზეგავლენის შემცირებას“, - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.