დღეს, პრეზიდენტ ტრამპთან საუბრის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო შევათანხმეთ ჩვენი პოზიციები ევროპელ ლიდერებთან. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
"პოზიციები ნათელია. ჩვენ უნდა მივაღწიოთ რეალურ მშვიდობას, რომელიც დიდხანს გაგრძელდება და არ გადაიქცევა რუსეთის შემოსევებს შორის კიდევ ერთ პაუზად. ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა შევაჩეროთ მკვლელობები, შევწყვიტოთ ცეცხლი როგორც ბრძოლის ველზე, ასევე ცაში და ჩვენი პორტის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ყველა უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო ტყვე და დავაბრუნოთ რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვები. ჩვენი ათასობით ადამიანი კვლავ ტყვეობაშია, ისინი ყველა სახლში უნდა დაბრუნდნენ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე, სანამ აგრესია და ოკუპაცია გრძელდება.
პრეზიდენტ ტრამპთან საუბარში ვთქვი, რომ სანქციები უნდა გამკაცრდეს, თუ სამმხრივი შეხვედრა არ შედგება ან თუ რუსეთი თავს არიდებს ომის გულწრფელ დასრულებას. სანქციები ეფექტური ინსტრუმენტია. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ უსაფრთხოების საიმედოდ და გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც ევროპის, ასევე შეერთებული შტატების მონაწილეობით. უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი უნდა განიხილებოდეს უკრაინის მონაწილეობით და არცერთი საკითხი, მათ შორის ტერიტორიული, ვერ გადაწყდება უკრაინის გარეშე.
მადლობა პარტნიორებს, რომლებიც გვეხმარებიან. დღეს ევროპელი ლიდერების მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა, რომელიც ჩვენს პოზიციას აძლიერებს. მოდით, ერთად გავაგრძელოთ მუშაობა: ევროპელებმა, ამერიკელებმა, მსოფლიოში ყველამ, ვისაც საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობა და სიმშვიდე სურს." - წერს ზელენსკი "ტელეგრამარხზე"