თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, ზაქარია წიკლაურმა, საკრებულოს სხდომაზე გაიხსენა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე.
წიკლაურმა თქვა, რომ სწორედ ილია მეორის მუხლჩაუხრელი ბრძოლის შედეგად მოიპოვა ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია, ხოლო სახელმწიფომ - დამოუკიდებლობა. საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის უმთავრესი დამსახურება, ქართველი ერის სულის გადარჩენა იყო:
„იდგა ჟამი, როდესაც ქვეყანა სრულმა უღმერთობამ და ანარქიამ მოიცვა. ზუსტად მაშინ იტვირთა ილია II-მ ეს მძიმე ჯვარი და 49 წლიანი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია ის, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა უკანასკნელი 5 დღის განმავლობაში“ - განაცხადა წიკლაურმა.
საკუთარ გამოსვლაში მან საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს მიულოცა რამადან ბაირამი და ნოვრუზ ბაირამი და მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის მძიმე დღეებში თანადგომისთვის.
„ჩვენ ვემშვიდობებით ადამიანს, რომელმაც თავისი სიცოცხლე გადააქცია ერის მსახურებად — ჩვენ ვემშვიდობებით ილია II-ს.
კათოლიკოს-პატრიარქი არ ყოფილა მხოლოდ ეკლესიის წინამძღვარი — იგი თავად იყო უახლესი საქართველოს სახელმწიფოებრიობის შექმნის თანაავტორი. მაშინ, როცა ქვეყანა უღმერთობისა და შიშის ჩრდილში იყო გახვეული, როცა რწმენა დევნილი იყო და ეკლესიის კარი — ნახევრად დახშული, ზუსტად მაშინ აიღო მისმა უწმინდესობამ ჯვარი ხელში, გახდა ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი და წაიყვანა ერი სიბნელიდან სინათლისკენ.
მისი პატრიარქობა დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ იბრძოდა თავისი დამოუკიდებლობისათვის და გაგრძელდა მაშინაც, როცა ჩვენ თავისუფლება მოვიპოვეთ, მაგრამ გზის პოვნა გვიჭირდა. ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ პატრიარქის მუხლჩაუხრელი შრომისა და ბრძოლის შედეგად ჩვენმა ქვეყანამ ჯერ აღიდგინა დედა ეკლესიის ავტოკეფალია და მერე სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა!
სწორედ ის იყო ხიდი ორ ეპოქას შორის. დამონებულ წარსულსა და თავისუფალ, მაგრამ მერყევ მომავალს შორის.
სწორედ მან აღადგინა ის, რაც თითქმის დაკარგული იყო: ქართველი ერის რწმენა საკუთარ თავში, რწმენა ღმერთში და რწმენა, რომ საქართველო არასდროს გაქრებოდა.
სამწუხაროდ, ისტორია გულუხვი არაა და იშვიათად შობს ასეთ პიროვნებებს! ადამიანებს, რომლებიც არა უბრალოდ ცხოვრობენ ეპოქაში, არამედ თავად ქმნიან ეპოქას. საქართველო ამ მხრივაც გამორჩეულია, სწორედ ჩვენს წიაღში XIX საუკუნეში დაიბადა ილია ჭავჭავაძე, ხოლო XX საუკუნეში ილია II, ამ მხრივ მართლაც რომ ბედნიერი ერი ვართ. ესეც, სიმბოლურია რომ სწორედ ხვალ არის ავტოკეფალიის აღდგენის დღე, რომელიც 1917 წლის 25 მარტს მოხდა, მაგრამ ამის შემდეგ მნიშვნელოვანი იყო კონსტანტინოპოლის აღიარებაც, და ეს მოვლენაც ჩვენი სულიერი მამის ილია II –ის სახელს უკავშირდება, რომელიც 1990 წლის 4 მარტს შედგა. მსოფლიო პატრიარქის მიერ ჩვენს პატრიარქს გადაეცა ცნობისა და აღიარების ტომოსი, რაც უდიდესი მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის, დედა ეკლესიის ცხოვრებაში.
ილია II –ის ღვაწლი არ იზომება არც მისი მოღვაწეობის წლების რაოდენობით, არც მის მიერ აგებული ტაძრების სიმრავლითა და არც მის ქადაგებებით. მისი ისტორიული დამსახურება ქართველი ერის სულის გადარჩენა იყო! იდგა ჟამი, როდესაც ქვეყანა სრულმა უღმერთობამ და ანარქიამ მოიცვა. როდესაც ბოლშევიკები მართავდნენ ქვეყანას და დევნიდნენ დედა ეკლესიას, ანადგურებდნენ ყველაფერს სულიერს, დევნიდნენ პატრიარქებს, მრევლს ტაძრებიდან ერეკებოდნენ და ღმერთს კი ჩვენი გულებიდან. ზუსტად მაშინ იტვირთა ილია II -მ ეს მძიმე ჯვარი და 49 წლიანი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია ის, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა უკანასკნელი 5 დღის განმავლობაში. ეს იყო ის განაცხადი, რომ მან შეძლო თითოეულ ჩვენგანში გაეღვიძებინა მართლმადიდებლური სული, გაეერთიანებინა ერი და ბერი და დიახ, ვალმოხდილი წარმდგარიყო უფლის წინაშე!
მან ასწავლა ხალხს, რომ რწმენა არ არის მხოლოდ რიტუალი, ეს არის ძალა, რომელიც გადაგვარჩენს, მაშინაც კი, როცა თითქოს გამოსავალი არ არსებობს. და დღეს, როცა ვემშვიდობებით, ჩვენ ვგრძნობთ, რომ რაღაც დიდი და შეუცვლელი გვტოვებს, მაგრამ ამავე დროს ვგრძნობთ, რომ მის მიერ დანთებული სინათლე არ ჩაქრება. ამას მოწმობს საათობით რიგში მდგარი ბავშვები - მისი ნათლულების უზარმაზარი არმია, რომლებიც თვალცრემლიანი აცილებდნენ უკანასკნელ გზაზე ამ ქვეყნის ეპოქალურ და დიდ კაცს.
ილია მეორემ შეძლო ის, რაც ისტორიის უდიდეს მოღვაწეებსაც კი იშვიათად გამოსდით - მან გააერთიანა ერი და ბერი არა ძალით, არამედ სიყვარულით და ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება.
დღეს საქართველო გლოვობს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ გლოვა — ეს არის მადლიერება, სიმშვიდისთვის, მადლიერება იმ სიბრძნისთვის, რომლითაც ჭეშმარიტ გზას გვაჩვენებდა.
მადლიერება იმ სიყვარულისთვის, რომელმაც ერი გადაარჩინა. მშვიდად განისვენე პატრიარქო.
შენ უკვე ხარ ისტორია, რომელიც 49 წლის წინ დაიწყო და არასოდეს დასრულდება! და ბოლოს, არ შემიძლია, ერთი მხრივ არ მივულოცო ჩვენს მუსლიმ ძმებსა და დებს რამადან ბაირამი და ნოვრუზ ბაირამი - ნოვრუზ ბაირამი განახლების, გაზაფხულის დადგომის დღესასწაულია და, მერე მხრივ, არ გამოვხატო უდიდესი მადლიერება მათ მიმართ. ჩვენმა მუსლიმმა თანამოძმეებმა გააუქმეს საზეიმო ღონისძიებები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო ჩვენი მწუხარება გაიზიარეს“ - განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.




