აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში, 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს ოჯახთან ერთად შეუერთდა.
მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების დაფასება და მათი ღვაწლის მომავალი თაობებისთვის გადაცემა თითოეული მოქალაქის უმთავრესი მოვალეობაა.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნებოდა კონცეფციას - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს.“ ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემეცნებითი და სპორტული სივრცეები მოეწყო. ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ადგილობრივი ხელოვანებისა და მეწარმეების ნამუშევრებს. ღონისძიების ფარგლებში, ჰიმნი შეასრულეს სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა, კაპელამ და ბათუმის სალოტბარო სკოლამ. მუსიკალური პროგრამა სიმფონიური ორკესტრისა და სოლისტების კონცერტით გაგრძელდა, საღამო კი ბენდ „ურსას“ კონცერტით დასრულდა.




