აჭარის მთავრობის თავმჯდომარე,  ზურაბ პატარაძე ბათუმის  მუნიციპალიტეტის მერიის  ხელმძღვანელ პირებს, სამსახურების უფროსებს  და  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ მოისმინა ინფორმაცია ქალაქში მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა პროექტი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდეს და მათ საჭიროებებზე იქნეს მორგებული. 

,,მოგვეცა საშუალება, გვემსჯელა მერიის მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით. განვიხილეთ სოციალური, ინფრასტრუქტურული და დაგეგმილი სარეაბილიტაციო ღონისძიებები. ჩვენი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, განვითარება და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ყველა ქუჩა, უბანი უნდა იყოს მოწესრიგებული, იყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და  აქტიური მზადება ტურისტული სეზონისთვის. 

მიხარია, რომ საკრებულოს თანამშრომლებიც აქტიურად არიან ჩართულები პროცესებში. ასევე, დავგეგმეთ მოქალაქეებთან ერთობლივი შეხვედრების გამართვა, რათა მათი საჭიროებები და პრობლემები დროულად იქნეს განხილული და გადაწყვეტილი. მოსახლეობის მიერ დასმული საკითხების მოგვარება არის აჭარის მთავრობის, მუნიციპალიტეტის და ყველა ჩართული რგოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდევ უფრო წარმატებული ჩვენი მოსახლეობისთვის და ჩვენი რეგიონისთვის“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარის მთავრობასა და ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქალაქის განვითარების პროცესში.