აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, გივი მიქანაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს ახალ პოზიციაზე საქმიანობის დაწყება მიულოცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ზურაბ პატარაძის მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობის გამოცდილება ქმნის საფუძვლიან მოლოდინს, რომ რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება როგორც საგანმანათლებლო, ისე სხვა მიმართულებებით.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. აღინიშნა, რომ განათლების სამივე საფეხურზე დაგეგმილი რეფორმების ეფექტიანად განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობა, ასევე, განათლების სფეროში ჩართულ პირებთან და ფართო საზოგადოებასთან პროაქტიული კომუნიკაცია.
ზურაბ პატარაძის თქმით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა, რეგიონში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
,,დღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, სადაც ვიმსჯელეთ განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე. საუბარი შეეხო როგორც უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს, ისე - საჯარო სკოლებში მიმდინარე პროცესებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რაც ჩვენი ხელისუფლების დღის წესრიგში დგას. დღეს რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში - შუახევში, ხულოში, ქედისა და ხელვაჩაურში განათლების მინისტრს ექნება შესაძლებლობა გააცნოს ადგილობრივ საზოგადოებას ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რაც დაანონსდა.
ჩვენთვის პრიორიტეტია სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. 2026-2028 წლებში დაგეგმილია 30-მდე ახალი სკოლის მშენებლობა და 70-მდე სკოლის რეაბილიტაცია. მომავალ თაობაზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების და რეგიონის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.




