პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მათი პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში ბრუნდებოდა, აეროპორტში ორგანიზებული ჯგუფის წევრები დაახვედრეს, რომლებიც მას შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიმართავდნენ.

"კონფერენციიდან დაბრუნებული გიორგი გახარიას ჩასაფრებით და ორგანიზებით ბიძინა ივანიშვილმა დაახვედრა ზონდერჯგუფები, რომლებმაც განახორციელეს ჩვენი გუნდის თავმჯდომარისა და ჩვენის წევრის, ელგუჯა ხოკრიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებები, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფა, სხვადასხვა ფორმით მაპროვოცირებელი და პროვოკაციული შეძახილები და ა.შ. შეიძლება, მოხდა ამ ფაქტების ვიდეო საშუალებით დაფიქსირება. ჯერჯერობით, ასეთი ტიპის კადრებს ჩვენ არ ვფლობთ", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, "გახარია საქართველოსთვის" განცხადებით: „დღეს გამთენიისას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიასა და ჩვენს თანაგუნდელს, გერმანიაში ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივანიშვილმა დაახვედრა წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ მომზადებული პარტიული ზონდერჯგუფი, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო ადგილზე მყოფმა, ასევე წინასწარ გაფრთხილებულმა პოლიციამ.

ისტერიაში მყოფი მოძალადე ე.წ. ხელისუფლება უკონტროლო ხდება.

გასაგებია, რომ ივანიშვილი შეშინებულია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებით და ეს ისტერიაც ამითაა გამოწვეული.

ჩვენი პოლიტიკური ძალა გააკეთებს ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება, რომ ვეღარასოდეს შეძლოს ქართველ ხალხზე ძალადობა.“