„მივმართავ საზოგადოებას, მაგრამ, ამავე დროს, მინდა, მივმართო „ოცნებას“ და „ოცნების“ წარმომადგენლებს. გილოცავთ, ბატონებო, რამე თუ ქალები თქვენთან ან აღარ ითვლებიან, ან ისე ითვლება, ისე მოიხსენიებთ, რომ სჯობს, არ მოიხსენიოთ, დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც თქვენთვის ძალიან სამწუხაროა. " ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

"ყველაზე მოსალოცი ის არის, რომ თქვენ შეძელით, ბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან ამ ტერმინს რომ ვიყენებ, მაგრამ რუსული კანონის ინიციირება დაამთხვიეთ იმ კვირას, რომელიც იწყება 31 მარტიდან და გრძელდება 9 აპრილამდე, საქართველოს უახლოესი ისტორიისთვის ყველაზე დატვირთულია ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ თქვენ ხომ არ გაგაჩნიათ არც ეროვნული და არც ევროპული სულისკვეთება.

დღეს ერთადაა ეს ორი ცნება – ეროვნული და ევროპული, ამის გამიჯვნა შეუძლებელია. ეს ძალიან კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ, დაინახოთ, არ გინდათ, მოისმინოთ, რომ ერთიანი არის საქართველოს საზოგადოება ამ მიმართულების ქვეშ: გავამყაროთ დამოუკიდებლობა, რუსეთი არასდროს დაბრუნდება აქ და გავამყაროთ ჩვენი ევროპული გზა.

„ოცნებამ“ უკვე თავისი სახე გამოაჩინა. ერთი პერიოდი იყო, შეიძლება, 15 დეკემბრიდან ერთი თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ევროპული გადაწყვეტილება, ჩვენი დამსახურებაა, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთო. ეს რაღაც ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია. „ოცნებამ“ ძალიან მკაფიოდ გააკეთა თავისი განაცხადი, ევროპას უთხრა არა ყველა მიმართულებით. წინა რეკომენდაციებში რაც ეწერა, დღევანდელ ცხრა რეკომენდაციაში რაც წერია, ყველა შესაძლო საკითხზე, რომელიც განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას, ყველა ამ მიმართულებით მკაფიოდ უთხრა – არა. ევროპისგან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს „ოცნება“ დაკავებულია ჩვენი გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით. საბოტაჟი არის ერთადერთი სიტყვა, რაც მომაფიქრდა. არა იუსტიციის რეფორმას, აღარ შევალ განხილვაში, ვეტინგით თუ სხვა ფორმებით, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს არ გავწირავთ, საქართველოს ევროპული მომავლის ნაცვლადაც კიო. არა სანქციებთან შეერთებას ან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებას, რაზედაც გვეუბნებიან, რომ აუცილებელია, ჩვენთან შემოხვიდეთ იმ თანამეგობრობაში. და ულტიმატუმი ამერიკას, სასაცილოც არის, ძალიან მაგრები ვართო, არ უნდა ვაწყენინოთ რუსეთს. ეს არის ამ ყველაფრის სარჩული. არა სამართლიან არჩევნებს, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი წესები, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკო, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკ-ს თავმჯდომარეო, არა დიასპორის მონაწილეობას, ვინიცობაა, ჩვენი არ იყოს და როგორ შეიძლება. შეურაცხყოფაც ყოველთვის თან ახლავს, ყოველ „პადიეზდში“ ხომ არ გავხსნით საარჩევნო უბანსო. არა ქალების უფლებებს და არა პრაქტიკულად იმ ერთადერთ შესრულებულ რეკომენდაციას, რაც გვქონდა გენდერულ თანასწორობაზე. უკან უკან წავიდეთო და ქალები „ბუტკაშიო“. არა ანტიკორუფციულ ზომებსო, პირიქით, თურმე არ უნდა ვიცოდეთ, როგორ მდიდრდებიან ჩვენი მოსამართლეები, სასამართლოების თავმჯდომარეები თუ ყოფილი პრემიერები, მთავარია ჰყავდეთ მდიდარი დედ-მამა ან შვილები, ძმები და საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს. ცხადია, არა და არა დეპოლარიზაციას, რამეთუ პირიქით, გამწვავებისკენ იწვევენ მთელ საზოგადოებას. ამას ემსახურება ყველა ინიცირებული კანონი, ეს იქნება პროვოკაციული ლგბტ-ზე, თუ დღეს რუსული კანონის მეორედ შემოტანა, ვითომცდა ისტორიაში ყველაფერი მეორდება.

ეს ყველაფერი არის პირდაპირი გამოწვევა საკუთარი ხალხის. ცხადია, ამავე დროს გამოწვევა ჩვენი პარტნიორების, რომლებმაც ავანსად მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და ჩვენგან ელოდებიან გულწრფელ გამოხატულებას, რომ ჩვენ მივდივართ ამ გზაზე, რომ არსებობს პოლიტიკური ნება ამ გზაზე სიარულისა. გამოწვევა ემსახურება იმას, რომ  გამოიწვიოს არეულობა, ერთგვარი დესტაბილიზაცია და ყველა მოინათლოს რადიკალად, უცხოეთის აგენტად, რაღაც ომის პარტიის მომხრედ და ასე შემდეგ. ეს ძალიან ცნობილი ხერხებია, ზოგიერთ ჩვენთაგანს ეს გავლილი აქვს წლების წინ და არაფერი ახალი არ არის ცის ქვეშ.

პასუხი ამ ყველაფერზე, ამ უზრდელობაზე, უხეშობაზე და საქართველოს მიმართ ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე, რასაც ჰქვია რუსული კანონი და რუსული მიმართულება, არის ერთი და მხოლოდ ერთი – ეს არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა. არჩევნები მოდის ცოტა ხანში. ხელისუფლებამ ჩვენზე ბევრად კარგად, ყველაზე კარგად იცის, რა არის რეალური ციფრები. ძალიან კარგად იცის, რომ არც კონსტიტუციური უმრავლესობა, არც მიშას დაბრუნება – ეს ყველაფერი უკვე მითებია, რითაც უნდათ, შეაშინონ საზოგადოება. რეალობა არის, რომ არსებობს ქვეყანაში დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის, რა უნდა და უნდა ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებელი, ევროპული მომავალი. ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე.

უდიდესი მობილიზაცია არის ამისთვის საჭირო, არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა – აქ საჭიროა მომზადება. მომზადება, რომ ყველანი გავიდეთ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ, ალბათ რამდენიმე პარტიით, მაგრამ ერთი დროშის ქვეშ და ეს არის ევროპული დროშა. ევროპული სამოქმედო გეგმა, რომელზედაც ვმუშაობთ და გავერთიანდებით, რაც არ ნიშნავს პარტიების გაერთიანებას, ნიშნავს მათ გამსხვილებას, რაც მთავარია, ეს ნიშნავს საზოგადოების გაერთიანებას, ეროვნულ თანხმობას ევროპაზე. ამ დროშას მე დავიჭერ ბოლომდე და ბოლომდე ვიქნები თქვენთან ერთად, რომ გავიმარჯვოთ ჩვენ, ევროპამ და ევროპულმა საქრათველომ, ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს მომავალ არჩევნებზე. ვერაფერს უზამს ამას ის გეგმები, თუ ხრიკები, რასაც დღეს „ოცნება“ატრიალებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“