თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ "კოალიციას ცვლილებეისთვის" ერთ-ერთი ლიდერს ნიკა მელიას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის წყლის შესხმის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

 საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე 2025 წლის 20 ივნისს ბრალი წარუდგინა. 

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. - ინფორმაციას პროკურატურამ გაავრცელა.  

შეგახსენებთ, 2025 წლის 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერს ნიკა მელიას,პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაოს  შეცვლაზე იმსჯელა და გირაოს გადაუხდელობის გამო, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა

„მოკლედ ვიტყვი, საზოგადოებამ რომ იცოდეს. საღამოს 09:00 საათზე ვიყავი ორი მანქანით ლისის მიმდებარედ, სოციალურ პლატფორმაზე გადაცემა არის და მივდიოდი მონაწილეობის მისაღებად. იქ მისვლამდე მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება. გაგვაჩერა საპატრულო პოლიციამ, მძღოლს სთხოვა მართვის მოწმობა და ცხადი იყო, რომ ყველაფერი აინტერესებდა, მოწმობის გარდა. ამ პროცესში მის რაციაში გაისმა ხმა, ობიექტი თუ იჯდა მანქანაში. 11 ადამიანი იყო სამარშრუტო ტაქსიში, ვინც გამიტაცა. არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ. როცა პირს აკავებ, უნდა განუმარტო, რა ხდება. მე გამიტაცეს გუშინ, წამართვეს ტელეფონი. ერთ-ერთს ჰქონდა სურვილი, გაეხსნა ტელეფონი. არავინ ვიცით, რატომ მოხდა ეს. გუშინ თავი მოიკალით და დღეს ჩანიშნეთ პროცესი. ფორმალურად 12:00 საათამდე მქონდა გირაოს გადახდის ვადა, 09:00 საათზე გაიტაცეს ის ადამიანი, ვინც ახლა გელაპარაკებათ. ახლა მეკითხებით, რატომ არ ვიხდი გირაოს, მაგრამ არ გაინტერესებ, რატომ ვარ აქ? ან ვინ გამიტაცა? არათუ არ იღებდნენ გატაცების მომენტს, ჩემს ორივე მანქანაში არის ვიდეოჩამწერი, ოთხივე ჩამწერი არის გატეხილი და გატაცებული, რომ არ გენახათ ჩანაწერი. ეს არის რეალობა, რაც მოხდა და ახლა თქვენ უნდა იმსჯელოთ, ვინ არის მტყუანი და მართალი? რა სამართალი უნდა დაადგინოთ თქვენ? კითხვა არ გიჩნდებათ, როგორ აღმოვჩნდი აქ? ათასობით ადამიანი მოჰყავდათ აქ ნაცემი და დალეწილი, იმათ არ ეკითხებოდით, ვინ აწამა და ისე უშვებდით პატიმრობაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ სხდომათა დარბაზში

 მოსამართლე  სხდომის დაწყებამდე ნიკა მელიას ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მისი აცილების შუამდგომლობა, რაზეც მელიამ უპასუხა: „უდიდესი სურვილია, ყველასი – თქვენი, მურუსიძის, ჩინჩალაძის. პროცესიდან არა, ზოგადად, სისტემიდან, ჯანდაბისკენ“.

ნიკა მელია მოსამართლეს წყლის ბოთლიდან წყალი შეასხა, რის შემდეგ ის დარბაზიდან გააძევეს. 

2025 წლის 27 ივნისს  თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ახალის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე  8 თვით პატიმრობა შეუფარდა და  ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა .