25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს იხსნება 16-დღიანი გლობალური კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველი ყოველწლიურად უერთდება.
2025 წლის გლობალური კამპანიის მთავარი მოწოდება ქალთა მიმართ ციფრული ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანებაა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალთა მიმართ ძალადობის მრავალ გამოვლინებაზე, რომელიც თანამედროვე ეპოქაში ონლაინ სივრცეში განსაკუთრებით გააქტიურებულია და მოიცავს, მათ შორის, კიბერბულინგს, სიძულვილის ენას, პერსონალური ინფორმაციის გავრცელებას და სხვა ციფრული ძალადობის შემთხვევებს.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. 2025 წელს ქვეყანაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ხოლო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საჯაროდ გავრცელებული 15 შესაძლო ფემიციდის/ფემიციდის მცდელობის შემთხვევა შეისწავლა, მათ შორის, აღსანიშნავია ყოფილი ქმრის მიერ პენიტენციური დაწესებულების ვადაზე ადრე დატოვების შემდგომ, ელექტრონული ზედამხედველობის ფარგლებში, ყოფილი ცოლის დაჭრა. აღნიშნული პირი სასჯელს სწორედ ცოლზე ძალადობისთვის იხდიდა. ყოველწლიურად მსგავსი შემთხვევების არსებობა ფემიციდის პრევენციის პრობლემურობასა და მისი კომპლექსურად გადაჭრის აუცილებლობაზე მიუთითებს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის რიგ საქმეებში ასევე გამოწვევად იკვეთება სამართალდამცავი უწყების რეაგირება, მათ შორის, რისკის შეფასების დოკუმენტის პრაქტიკაში გამოუყენებლობა და შემაკავებელი ორდერის გამოცემასა თუ გამოძიების დაწყებაზე უარის თქმა.
პრევენცია ძალადობასთან ბრძოლის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია და მოითხოვს ეფექტიან და დროულ რეაგირებას ძალადობის ყველა შემთხვევაზე, მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის სერვისების გაძლიერებას, ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის მხარდაჭერას, ფართომასშტაბიან ცნობიერების ამაღლების კამპანიებს.
ხაზგასასმელია საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების, მსხვერპლთა მხარდაჭერისა და სერვისების მიწოდების კუთხით.
სწორედ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მნიშვნელობიდან გამომდინარე, 2025 წლის 5 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, ასეთი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. (https://shorturl.at/pEUs7)
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს გადადგას მკაფიო, კოორდინირებული და პრევენციაზე ორიენტირებული ნაბიჯები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და განახორციელოს ცნობიერების ამაღლების ფართომასშტაბიანი კამპანიები, რაც ხელს შეუწყობს ძალადობის შემცირებას, პრევენციასა და ქალთა უფლებების დაცვას.




