პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში და „საგადასახადო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში  ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.

ცვლილებების ერთ-ერთი ავტორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტით ბევრი საინტერესო სიახლე შემოდის. მათ შორის ერთ-ერთი ეროვნული ბანკის მიერ  ვირტუალური აქტივების( კრიპტოვალუტა) რეგულირებას ეხება.

მისი თქმით, შესაბამისი კანონმდებლობა  უკვე  აქვს აშშ-ს და ევროკავშირს. ამ კუთხით კი საქართველოში სრულყოფილი კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ამ სფეროს გამჭვირვალობას,  ასევე მსხვილი მოთამაშეების ბაზარზე შემოსვლას, რადგან უკვე გაწერილი იქნება  თამაშის წესები.

„ასევე შემოდის  ე.წ.სმარტ რაუტინგი იგივე  „ჭკვიანი მარშრუტიზაცია“, რაც ნიშნავს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვას საბანკო სფეროში.  კერძოდ, ისე როგორც ევროპაშია ერთი ტერმინალით,  შესაძლებელი იქნება მომხმარებელმა უნივერსალური მომსახურეობა მიიღოს. დღეს მაღაზიაში დგას რამდენიმე ბანკის ტერმინალი და  საფინანსო ოპერაციები მათი მეშვეობით ხდება, ახლა ეს იქნება ტერმინალი, რომელსაც კონკრეტულ ბანკთან კონტაქტი აღარ ექნება, ამოიცნობს  საბანკო ბარათებს  და გადახდის ყველაზე იაფ, სწრაფ და ოპტიმალურ გზას თავადვე აირჩევს.

კიდევ ერთი საკითხი „ღია ბანკინგს“ ეხება ,  კომპანიას, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას ექვემდებარება,  შეუძლია შექმნას აპლიკაცია, რომლის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს სხვადასხვა ბანკებში  საკუთარ ანგარიშებზე წვდომას და  ამავე აპლიკაციით  სხვადასხვა მომსახურების მიღებას. შედეგად, მომხმარებელს გაუმარტივდება  საკუთარი ფინანსების მართვა და კონტროლი“,  - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.