4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული დავით სტურუა, დავით ჟღენტი, ზაქრო ალბუთაშვილი, კახაბერ მჟავანაძე, გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე და კონსტანტინე კოკაია, რომლებიც  პროკურატურის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბრალდებულებს სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. საქმეში ბრალდებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, რომელიც გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, სხდომათა დარბაზში დააკავეს.

ასევე, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ ერთ-ერთ ბრალდებულს ია დარახველიძეს 3 წლით პატიმრობა შეეფარდა და მასზე ძებნა გამოცხადდა. 

შეგახსენებთ, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი აცხადებდა, რომ 4 ოქტომბერს ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას, კადრებში ჩანს, რომ ხელს ვიქნევ, სიმართლე გითხრათ, რასაც ვანიშნებდი, ეგ მხოლოდ სამედიცინო ქმედებები იყო

 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ყველა პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

4 ოქტომბერს საქმეზე ბრალდებული 64 პირიდან 22 -თან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა.