ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, შემეცნებით-ტურისტული სივრცისა და საპარკინგე ინფრასტრუქტურის პროექტირების კონკურსი გამოაცხადა.
პროექტის მიზანია ალავერდის მონასტრის მნიშვნელობის გათვალისწინებით ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ერთიანად მოიცავს საინფორმაციო, საგანმანათლებლო და დასასვენებელ სივრცეებს. ამასთან, ვიზიტორთა ნაკადების მართვა უნდა გახდეს უფრო მარტივი, ორგანიზებული და უსაფრთხო.
პროექტის მიხედვით უნდა დაიგეგმოს სტუმართა მისაღები სივრცე, საინფორმაციო ცენტრი, საგამოფენო და საგანმანათლებლო ზონები, მოსასვენებელი ადგილები, სანიტარული კვანძები, საფეხმავლო ბილიკები და ხედვის წერტილები.
ასევე, უნდა მოეწყოს როგორც მსუბუქ ავტომობილებზე, ისე ტურისტულ ავტობუსებზე გათვლილი მრავალფუნქციური ავტოსადგომი, სადაც განთავსდება ელექტრომობილების დამტენი სადგურები.
პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს მონასტრის განათების და უსაფრთხოების სისტემების მოწყობა, ასევე, გამწვანება -ადგილობრივი ბუნებრივი გარემოს მაქსიმალური შენარჩუნებით.
ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტურისტული და საპარკინგე ინფრასტრუქტურა ადაპტირებული უნდა იყოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.




