გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ  დენის სალუქვაძესთან  და საქართველოს პარლამენტის წევრებთან  ერთად, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში იმყოფებოდა, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანია „ძმები ავალიანების მარანი“ დაათვალიერა.

ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო 2023 წელს, სახელმწიფოს თანადაფინანსებით შეიქმნა, რომლის ჯამურმა თანადაფინანსებამ 500 000 ლარი შეადგინა.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს რეგიონებში აგროსაწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა ხელი შეეწყოს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას და ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

„საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა და 8000-წლიანი ისტორია აქვს. სწორედ ამიტომ იგი გამორჩეულია ვაზის უნიკალური მრავალფეროვნებით; საქართველოში გავრცელებულია ვაზის 500-ზე მეტი ჯიში, რომლებიც ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეშია წარმოდგენილი. სწორედ ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების გამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე მარნების განვითარება, რადგან ისინი ინახავენ იმ უნიკალურობასა და თავისებურებას, რაც ქართულ ღვინოსა და მევენახეობას ახასიათებს. მცირე მარნები ხელს უწყობენ რეგიონული ჯიშების შენარჩუნებასა და განვითარებას, რაც უზრუნველყოფს ქართული ღვინის მრავალფეროვნებას. ამ მიზნით ჩვენი პროგრამები აქტიურად უჭერენ მხარს მცირე მარნებს, რათა საუკუნოვანი ტრადიცია, რომელმაც დღემდე მოაღწია, შევინარჩუნოთ, ხარისხობრივად გავაუმჯობესოთ და ქართული ღვინო მსოფლიო მასშტაბით გავაცნოთ", - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ძმები ავალიანების მარანი „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში შეიქმნა, კომპანია ასევე სარგებლობს სახელმწიფო პროგრამებით - „ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა“ და „შეღავათიანი აგროკრედიტი“. საწარმო ამ ეტაპზე 10 სახეობის ღვინოს აწარმოებს, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება სამარკო ნიშნით „ძმები ავალიანები“.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, ჯამში 2,5 მილიონი ლარის თანადაფინანსებით, ოთხი საწარმო შეიქმნა.

მინისტრთან ერთად კომპანიაში „ძმები ავალიანების მარანი“ იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.