საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ხვალ სამების ტაძარში დაგეგმილ საეკლესიო კრებაზე დაახლოებით 1 200-მდე დელეგატი იქნება წარმოდგენილი, მისივე ინფორმაციით, კრებაზე დაგეგმილია საპატრიარქო ტახტის კანდიდატების სიტყვით გამოსვლები.
მამა ანდრიას თქმით, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებულ კრებაზე დასწრება შესაძლებელი იქნება სპეციალური სიებით.
"მოგეხსენებათ, რომ ხვალ მართვა-გამგეობის დებულების შესაბამისად, ჩანიშნული არის გაფართოებული კრება, გაფართოებული კრება არის მე-14 და იქნება კენჭისყრა ამ კრებაზე - სამი საპატრიარქო კანდიდატიდან ერთ-ერთის შესარჩევად. ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა.
დეტალები საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით ნაწილობრივ ცნობილია საზოგადოებისთვის, თუმცა დავაზუსტებთ, რომ სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით, რომელიც არის შედგენილი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ესეც არის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით დარეგულირებული ეპარქიებიდან და მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან.
შედგენილი არის სია იმის მიხედვით თუ როგორ არის გაწერილი მართვა-გამგეობის დებულებაში და მომსვლელებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა, ამით მოხდება იდენტიფიცირება სიასთან. შესვლა შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან, 12:00 საათამდე უნდა მოხდეს სტუმრების, დელეგატების მიღება, ამ პერიოდისთვის უკვე მღვდელმთავრებიც მობრძანდებიან საკათედრო ტაძარში და დაიწყება მზადება კენჭისყრისთვის", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, ხვალ, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, გაიმართება, სადაც საქართველოს პატრიარქს გამოარჩევენ.
კრება 13:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
მათივე ცნობით, გაფართოებული კრება თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.
საპატრიარქოში განმარტავენ, რომ კრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.
სამი მღვდელმთავარი, რომელმაც სინოდზე ხმათა უმრავლესობა მიიღო, კენჭს იყრის გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატი.
ვერცერთი კანდიდატი თუ ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა. მასში მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში მიიღებს ხმათა უმრავლესობას.
კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის წესი განსაზღვრულია საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, რომელიც 1995 წლის 18-19 სექტემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გამართულ საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ მე-13 კრებაზე მიიღეს.




