დღეს ბრიუსელში საქართველოს წარმომადგენლებთან, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკომისიის განმარტებითვე, ტექნიკური ხასიათი ექნება.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 11 ივნისს დაგეგმილი შეხვედრა ევროკავშირის რეგულაციით არის გათვალისწინებული.
"ეს არის რეგულაციით გათვალისწინებული შეხვედრა, რასაც ითვალისწინებს თავად ევროკავშირის რეგულაცია. იმ შემთხვევაში, როდესაც ევროკავშირის გადაწყვეტილებით ამოქმედდება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი, ევროპული მხარე ვალდებულია ასეთი დიალოგი წამოიწყოს მესამე ქვეყანასთან, ამ შემთხვევაში საქართველოსთან, და იყოს მსჯელობა, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ურთიერთობები. ეს არის პირველი შეხვედრა, რომელიც გაიმართება 11 ივნისს," - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.




