„დღეს მოსახლეობამ იცის არასამთავრობო სექტორი რას ცდილობს და რა მიზნის მიღწევა აქვს დაგეგმილი საქართველოში. მათ სურთ საქართველო აქციონ მორჩილ ქვეყნად,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა ქვეყნის გარედან მართული არასამთავრობო სექტორის მიზნებზე.
დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ „დიფ სთეითის“ მიზანია ფარული გზებით დააფინანსოს საქართველოში თავისი წარმომადგენლობები არასამთავრობოების სახით, რათა გააგრძელოს დესტრუქციული ქმედებები.
„ისინი [გლობალური ომის პარტია] ცდილობენ თავიანთ წარმომადგენლობებს [არასამთავრობო სექტორი] დაფინანსება ფარული გზებით მიაწოდონ, რათა დესტრუქცია გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, მათი ქმედება შეიზღუდა, მაგრამ ისინი ცდილობენ სხვადასხვა, მათ შორის უცხო ქვეყანაში დარეგისტრირების გზით (ამის მაგალითი გვაქვს ესტონეთის სახით) აამოქმედონ ასეთი ტიპის ორგანიზაციები. თუმცა, ამას ჩვენ დავუპირისპირეთ მეტი სიმართლე, რათა საზოგადოება შეგვეიარაღებინა ინფორმაციით.
ასე რომ, საზოგადოებამ დღეს შექმნა საკუთარი ჯავშანი, რაც შექმნა მეტი ცოდნით, ინფორმირებულობით და დღეს მოსახლეობამ იცის, არასამთავრობო სექტორი რას ცდილობს და რა მიზნის მიღწევა აქვს დაგეგმილი საქართველოში. მათ სურთ საქართველო აქციონ მორჩილ ქვეყნად, გამოიყენონ ის როგორც მეორე ფრონტის ხაზი. ეს საფრთხეები არსებობს, არსად წასულა. თქვენ ხედავთ, რომ ნატოს გენერალური მდივანი აფრთხილებს ევროპის წარმომადგენლობას, საზოგადოებას, რომ შესაძლოა, მათ მოუწიოთ რუსეთთან ომში შესვლა და ამას აკეთებს ასევე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრიც.
ამიტომ, ჩვენ გვჭირდება მეტი სიფრთხილე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყანაში არ შემოაღწიოს ფულმა, რომელიც შესაძლოა უბედურების მომტანი გახდეს," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.




