„ჩვენმა პარტნიორებმა აქამდე დაშვებულ შეცდომებს კიდევ ერთი, უფრო უხეში შეცდომა დაუმატეს და დეპუტატები და სამართალდამცავები დაასანქცირეს, თუმცა დასანქცირებულების სიას არ აქვეყნებენ. კანონმდებლებს რომ კანონის მიღებისათვის ასანქცირებენ, ეს მინიმუმ, არადემოკრატიულია და თანაც სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა“, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობისათვის მსჯავრდებულ გრიგორიადისს პრეზიდენტს შეაწყალებინებენ, ამით ძალადობას ახალისებენ და როცა სამართალდამცავებს წესრიგის დაცვისათვის ასანქცირებენ, ეს დაუსჯელობას უწყობს ხელს, რაც არა მხოლოდ დაუშვებელია, არამედ სახიფათოცაა.

„თან ამას იმ დესტრუქციული ოპოზიციის სასარგებლოდ  აკეთებენ, ვინც საზოგადოებას ძალადობრივი წარსულით დაამახსოვრა თავი. ისინი დღესაც ძალადობენ საკუთარ ხალხზე და საკუთარ ქვეყანაზე. „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ქუჩაში ხვრეტდა ახალგაზრდებს, არბევდა მიტინგებს,  პირდაპირ ეთერში ახშობდა თავისუფალ მედიას, დეპუტატებს პირდაპირ ქუჩაში სასიკვდილოდ სცემდნენ, ატერორებდნენ ბიზნესს და იმ დროს, პარტნიორებისგან, არათუ სანქციები - წუხილიც კი არ ისმოდა“,  - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი შეფასებით, ეს არის სახიფათო, ორმაგი სტანდარტი - როდესაც მკვლელობისა და წამებისათვის მაშინ შეშფოთებული განცხადებებიც კი არ ისმოდა, არადა, კანონის მიღებისათვის დღეს კანონმდებლებს ასანქცირებენ.

„სწორედ ამიტომაა, რომ საზოგადოება სრულიად დამსახურებულად და სამართლიანად თავის სიტყვას ამბობს საქართველოშიც და თავის სიტყვა თქვა ევროპაშიც. ჩვენ კი, სანქციების გამო ქვეყნის ინტერესების დაცვაზე უარს არ ვაპირებთ!  ჩვენ გვირჩენია ვიყოთ დასანქცირებულები, ვიდრე ჩვენს მოქალაქეებს და მით უფრო, ჩვენს ახალგაზრდებს ომში გაწვევების შეტყობინებები მიუვიდეთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.