„ლგბტ თემა, როგორც ინსტრუმენტი გამოიყენება არამხოლოდ საქართველოს, არამედ თავად ევროპის წინააღმდეგ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ. 

მისი თქმით, ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი მოსახლეობის ბიომასად ქცევის პოლიტიკის ნაწილია, რათა უფრო მეტად კონტროლირებადი გახდეს საზოგადოება. 

„ერთსქესიანთა ქორწინების საკანონმდებლო დონეზე აქტივიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა, 2001 წელს დაიწყო ნიდერლანდებმა. 2003 წელს მიიღო ბელგიამ, შემდეგი იყო ესპანეთი, 2013 წლიდან კი საფრანგეთში დაიწყო აქტიურობა. ამ კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო პრეზიდენტი ოლანდი და საზოგადოების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, კანონი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ დაკანონდა. 2017 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესტაგი ერთსქესიანთა ქორწინების კანონის წინააღმდეგი იყო და კანონს მერკელიც ეწინააღმდეგებოდა, კანონის ლობიზმი და ზეწოლა მაღალი გავლენის მქონე,  წონიან  პოლიტიკოსზე იმდენად დიდი იყო, რომ მერკელმა ნახა გამოსავალი და პარტიული ვალდებულებებისგან გაათავისუფლა პოლიტიკოსები, ანუ მისცა თავისუფალი არჩევანის საშუალება.

ავსტრიაში, ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონს საკანონმდებლო ორგანოში არ აღმოაჩნდა მხარდამჭერები და მიუხედავად ამისა კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ერთსქესიანთა ქორწინება გათავისუფლდა ზეწოლისგან. 
საბერძნეთში, პირველ მართმადიდებელ ქვეყანაშიც კი იქნა ეს კანონი მიღებული. ყველას გასაკვირად კონსერვატორი პრემიერ-მინისტრი იყო  ლობისტი ამ პროცესის და იქაც ლიბერალური ოპოზიციის მხარდაჭერით იქნა მიღებული ეს კანონი. 


ვხედავთ, რამხელა ზეწოლაა ევროპაზე. არ იქნა გათვალისწინებული წონადი პოლიტიკური ფიგურები, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლობა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ კანონს და სხვადასხვა შემოვლითი გზებით მიღწეული იქნა ის, რომ კანონი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ დაკანონდა. 
ლგბტ თემა, როგორც ინსტრუმენტი გამოიყენება, არამხოლოდ საქართველოს, არამედ თავად ევროპის წინააღმდეგ. ეს კანონი  მოსახლეობის ბიომასად ქცევის პოლიტიკის ნაწილია, საზოგადოება უფრო მეტად კონტროლირებადი უნდა გახდეს. 


ჩვენ ვხედავთ, რომ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით ხდება ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე. ამის მაგალითებია, პოლიციის, კულტურის სფეროს დისკრედიტირება, სკოლის ბავშვების გამოყვანა ქუჩაში და აქციაზე მიყვანა, ახალგაზრდების გამოყენება, რომელთა ემოციაც იოლად სამართავია და სხვა,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.