„ჩვენ ვაპირებთ რაღაცის გაკეთებას გრენლანდიასთან დაკავშირებით, მოსწონთ მათ ეს თუ არა, რადგან ამას თუ არ გავაკეთებთ, რუსეთი ან ჩინეთი დაიკავებს გრენლანდიას და ჩვენ არ ვაპირებთ, რუსეთი ან ჩინეთი გვყავდეს მეზობლად. მინდა, შეთანხმება დავდოთ მარტივი გზით, მაგრამ ამას თუ მარტივი გზით ვერ გავაკეთებთ, რთული გზით გავაკეთებთ. სხვათა შორის, მეც დანიის გულშემატკივარი ვარ. უნდა გითხრათ და იცით კიდეც, რომ ისინი ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ ჩემ მიმართ. – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
"მე მათი დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ფაქტი, რომ 500 წლის წინ მათი ნავი იქ მივიდა, არ ნიშნავს, რომ მიწა მათ ეკუთვნით. დარწმუნებული ვარ, იქ ბევრი ჩვენი ნავიც მივიდოდა. ჩვენ გვჭირდება გრენლანდია, რადგან ახლა თუ გრენლანდიის მიღმა გაიხედავთ, იქ ყველგან რუსული გამანადგურებლებია, რუსული წყალქვეშა ნავებია, ჩინური გამანადგურებლებია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა ან ჩინეთმა მოახდინონ გრენლანდიის ოკუპაცია. ისინი სწორედ ამას იზამენ, თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ. ასე რომ, ჩვენ გრენლანდიასთან დაკავშირებით რაღაცას მოვიმოქმედებთ – ან კარგი გზით, ან უფრო რთული გზით“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არის მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გრენლანდიის ფლობა, ტრამპმა უპასუხა, რომ ქვეყნები იცავენ თავიანთ საკუთრებას და არა რაიმე ხელშეკრულებებს, აშშ-ის კი მოუწევს გრენლანდიის დაცვა, რადგან რუსეთს ან ჩინეთს გრენლანდიის დაკავების უფლებას არ მისცემს.
„ქვეყნები იცავენ საკუთრებას და არა იჯარის ხელშეკრულებებს და ჩვენ მოგვიწევს გრენლანდიის დაცვა. ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩინეთი ან რუსეთი გააკეთებს. ეს არ მოხდება. მე მომწონს ჩინეთი, რუსეთი, მიყვარს ჩინეთის ხალხი, რუსეთის ხალხი. პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული ვარ მისით. პრეზიდენტ სი ძინპინისთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. აპრილში ჩინეთში მივდივარ, მაგრამ არ მინდა, ისინი გრენლანდიაში მეზობლად იყვნენ. ეს არ მოხდება.
ნატო-მ უნდა გაიგოს, რომ მე ნატო-ს მომხრე ვარ. მე გადავარჩინე ნატო. მე რომ არა, ახლა ნატო არ გვექნებოდა, თუმცა ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა ან ჩინეთმა გრენლანდია დაიპყროს და ეს არის ის, რაც მოხდება, თუ ამას არ გავაკეთებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.




