საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ღირებულებითი განათლების პროგრამაში ჩართული სასულიერო პირებისა და მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
გივი მიქანაძემ სასულიერო პირებს ახალგაზრდების აღზრდასა და ღირებულებითი განათლების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოს საპატრიარქოსა და სამინისტროს თანამშრომლობით განხორციელებული პროგრამა ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის, პატივისცემის, მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და სამშობლოს სიყვარულის განმტკიცებას.
ამჟამად საქართველოს მასშტაბით 141 სკოლაში 175 კლუბი ფუნქციონირებს, რომლებშიც 4 375 მოსწავლეა ჩართული.
პროგრამა ასევე ხორციელდება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და უცხოეთში მყოფი ქართველი ახალგაზრდებისთვის.
მინისტრის განცხადებით, პროგრამის გაფართოება მომავალშიც გაგრძელდება. ამ მიზნით უკვე გადამზადდა 129 სასულიერო პირი. ისინი მიმდინარე წლის სექტემბრიდან ახალ კლუბებს გახსნიან.
ღონისძიების ფარგლებში მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ როგორც სასულიერო პირები, ასევე მოსწავლეები. სასულიერო პირებს სიგელები ახალგაზრდების აღზრდასა და პროგრამის გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ, ხოლო მოსწავლეები კლუბებში აქტიური ჩართულობისთვის დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, მოსწავლეები და სხვა მოწვეული სტუმრები.




