ისეთი პირი უჩანს, რომ ირანის ომის ბედს საბოლოოდ ნავთობის ფასები გადაწყვიტს. ტრამპის რეალური გათვლა, როგორც ჩანს, რეჟიმისთვის იმხელა ზიანის მიყენებაა, რომ ის დათმობებზე წამოვიდეს. რეჟიმის შეცვლა მაქსიმალისტური მიზანია, სასურველი, მაგრამ ნაკლებ სავარაუდო - მასზე გათვლა არ შეიძლება.
პრინციპში ამ შუალედური მიზნის მიღწევა გამორიცხული არაა, მაგრამ ამას დრო უნდა. ამიტომ ამბობენ ტრამპი და სხვა ამერიკელები, რომ ომი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, რომ რეჟიმის „უპირობო კაპიტულაციაა“ მიზანი. - ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.
თეირანში არ უნდა იფიქრონ, ცოტაც გავუძლოთ და ყველაფერი მორჩებაო.
კაპიტულაციაზე განცხადება, ცხადია, სრული სისულელეა, მაგრამ ის ტრამპის სტილის "ბულშითია": ის ირანელებზე ფსიქოლოგიური ზეწოლას ახდენს: არ გეგონოთ, რომ მალე გავჩერდებით. რამდენად მუშაობს ეს ირანელებზე, სხვა თემაა.
ირანის მთავარი იარაღია არა მისი რაკეტები და დრონები, არამედ ჰორმუზის სრუტე. სანამ ომი მიდის, სრუტე დაკეტილია, რაც ნიშნავს, რომ ნავთობის ფასები იმატებს, მათ შორის ამერიკაში.
(ცხადია, რუსეთის ხეირობს ნავთობის მაღალი ფასებით - ეს კიდევ სხვა თემაა).
მართალია, რომ ეს დროებითია -ომი თუ დამთავრდა და სრუტე გაიხსნა, ფასები, ალბათ, ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. მაგრამ თუ ომი გაიწელა, ამან შეიძლება სერიოზული გლობალური ეკონომიკური რყევები გამოიწვიოს. ამერიკას თავისი ნავთობი და გაზი საკმარისი აქვს, მაგრამ ბენზინზე ფასები მაინც ზევით მიდის და კიდევ უფრო ურტყამს ტრამპის რეიტინგს, რომელიც ისედაც ეცემა.
ეს ყველაფერი ზეწოლას ახდენს ტრამპზე, რომ ომი მალე დაასრულოს. იმ ტიპის ზეწოლას ის ვერ უგულებელყოფს.
თუ ომი ამ დღეებში დამთავრდა, ირანის რეჟიმი ამას, ცხადია, გამარჯვებად გამოაცხადებს: ორ დიდ სატანას ჩვენი განადგურება უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლეს.
თუმცა, ამერიკა დ ისრაელიც გამარჯვებულად გამოაცხადებს თავს: ირანს ძალიან სერიოზული ზიანი მიადგა, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლებს რეგიონის დესტაბილიზაციას და, რაც მთავარია, ბირთვული იარაღის შექმნას. პროგრამა მინიმუმი შესრულდა - ესეც საქმეა.
მოკლევადიან პერსპექტივაში ეს, ობიექტურად, უფრო ყაიმს ნიშნავს. თანამედროვე ომების ნიშანია: ორივე მხარე გამარჯვებას აცხადებს. გრძელვადიანი პერსპექტივის გათვლა კი ძნელია.
პირადად ტრამპისთვის ომის ასე დამთავრება პოლიტიკური წაგება იქნება. ახლა რთულ დღეშია: ომის გაჭიანურებაც ცუდია და მალე დასრულებაც. ვინ იცის, რას იზამს." - წერს გია ნოდია "ფეისბუკში".




