საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო ინიციატივების მნიშვნელობაზე, რომლებიც ხელს უწყობს აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაფუძნებული მომავლის ხედვის ჩამოყალიბებასა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები სიღრმისეულად გაეცნონ აფხაზეთის ისტორიას და, ამავე დროს, იფიქრონ მის მომავალზე. გვჯერა, რომ სწორედ განათლება, ცოდნა და ურთიერთპატივისცემა გახდება მომავალში მშვიდობიანი და წარმატებული თანაცხოვრების საფუძველი.
ჩვენ ყოველთვის მივესალმებით და ხელს შევუწყობთ ისეთ ინიციატივებსა და პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდებს დაეხმარება აფხაზეთის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების უკეთ გაცნობაში, ასევე გააძლიერებს ურთიერთპატივისცემაზე, თანამშრომლობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაფუძნებულ მომავლის ხედვას.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სასკოლო კონკურსი „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სკოლის მოსწავლეებისთვის გამოაცხადა",- აღნიშნა გივი მიქანაძემ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა.
კონკურსში მონაწილეობა 400-მდე საჯარო და კერძო სკოლის 2500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, რომლებმაც 1270 ნაშრომი შექმნეს. კონკურსი ითვალისწინებდა სხვადასხვა შემოქმედებითი ხასიათის პროექტების შექმნას, როგორიცაა: კონცეფცია, ესე, ვიდეორგოლი, ინტერვიუ, ნახატი, საინფორმაციო ბუკლეტი და ა.შ.
გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით




