გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიემებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად დამნაშავედ ცნო.

ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 28 აპრილს, ბრალდებულმა გორში მდებარე ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, განზრახ მოკვლის მიზნით, მამა- შვილს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა.

ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.