მე ვიტყვი, ზუსტად რა პრეფერენცია, რა სურვილი გააჩნია სახელმწიფო დეპარტამენტს – ეს იყო ყველაზე მკაფიოდ განმარტებული ნაწილი. გვითხრეს, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ისინი ხედავენ, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან ყველაზე პროამერიკული, ყველაზე ჯანსაღი, ყველაზე მეტი ხედვის მქონე, ყველაზე მეტი გამოსავლის მქონე, კარგად იციან ამ პარტიებმა, როგორ მართონ ქვეყანა, როგორ გადაჭრან სოციალური პრობლემები, ამავე დროს ეს პარტიები არ არიან წარმოდგენილი პოლიტიკურ ინსტიტუტებში, რაც, ამერიკის აზრით, პირდაპირ საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ სტაბილურობას.
სრულიად პირდაპირ ითქვა, რომ აშშ არ არის ბოიკოტების მხარეს, არ არის არჩევნების გამოტოვების მხარეს, არ არის ბრძოლის ამა თუ იმ ფორმაზე უარის თქმის მხარეს, არამედ არის იმის მხარეს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესში, მაქსიმალურად სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის, პოლიტიკური ინსტიტუტების ცხოვრებაში, წარმოადგინოს ერის ინტერესები და იბრძოლოს ყველა იმ ბერკეტის გამოყენებით, რაც არსებობს.
ჩვენ არ ვუყურებთ საგარეო შეხვედრებს ისე, რომ ვთქვათ, უნდა მივიღოთ რაღაც ინსტრუქცია, ასე ქენით, ისე ქენით – არა. უბრალოდ, ჩვენი პარტნიორები უყურებენ პროცესს, არიან ჩართულნი მასში, ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, ინფორმირებული ხედვა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა წავიდეს პროცესები წინ და უნდათ, რომ სწორმა ენერგიებმა სწორი რაღაცები გააკეთონ. ამიტომ, როგორც მეგობრები, ისინი გვეუბნებიან, რომ ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ საბრძოლველად და რაც შეიძლება მეტ პოლიტიკურ ინსტიტუტში უნდა ვიყოთ წარმოდგენილი.
მე პირადად მათ ავუხსენი ის გარემო, რომელშიც იყო და არის და უფრო უარესად არის საქართველო. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ის გაუსაძლისი ვითარება, რაც შექმნა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა, სრულიად შეუსაბამო და შეუთავსებელია ნებისმიერ დემოკრატიულ მოვლენასთან, ნებისმიერ არჩევნებთან, მაგრამ ამავე დროს კარგად ესმით, რომ ბრძოლაზე არავინ არ უნდა თქვას უარი, რადგან ბრძოლის გარეშე ასეთი ტიპის რეჟიმს უბრალოდ ვერ დაამარცხებ“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.




