ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების ვადად 6 თვე განისაზღვრა.
ახტალის პარკში, პროექტის მიხედვით, დაიგეგმება საბავშვო, სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები, ასევე, ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული არეალები, საფეხმავლო და ველო ბილიკების ქსელი.
პარკში განთავსდება საინფორმაციო ცენტრი, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები- ღია სცენა, ღონისძიებების მოედანი და მრავალფუნქციური პავილიონები. მოეწყობა ლანდშაფტური ობიექტები და შადრევნები.
პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკოლოგიურ მდგრადობას, მცენარეების ადგილობრივი სახეობების გამოყენებას, ნარჩენების სეპარაციასა და ეკო-მასალების გამოყენებას.




