კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული, ეს არის ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი, დემოკრატია ყველამ უნდა აღიაროს, კონსტიტუციური პრინციპები და კონსტიტუციური წყობილება ყველამ უნდა აღიაროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაში ჟურნალისტებს განუცხადა.
„კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული, ეს არის ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი, დემოკრატია ყველამ უნდა აღიაროს, კონსტიტუციური პრინციპები და კონსტიტუციური წყობილება ყველამ უნდა აღიაროს. თუ არის ამ კუთხით პრობლემები, ეს რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დაარეგულიროს კანონმდებლობამ. შესაბამისად მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივა და მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ კანონპროექტის მიღებას.
ზღვარი უნდა იყოს დაცული და ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება. ჩემი სამართლებრივი შეფასებით, აქ ზღვარი არის სათანადოდ დაცული. ერთია გამოხატვის თავისუფლება და მეორეა, კონსტიტუციური წესრიგის სიმტკიცე, რაც არის ერთ-ერთი უზენაესი ინტერესი. ქვეყანა, სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება, თუ ის მუდმივად იქნება საბოტაჟის რეჟიმში. ამიტომ ყველამ უნდა სცეს პატივი იმ წესრიგს, რომელიც არის ჩამოყალიბებული. ყველა ვხედავთ, რომ რეალურად ამ კონსტიტუციურ სისტემას, კონსტიტუციურ ორგანოებს სინამდვილეში ყველა აღიარებს, უბრალოდ არის მუდმივი საპირისპირო გზავნილები იმისათვის, რომ სცადონ, ბოლომდე არ დამშვიდდეს ეს ქვეყანა. ჩვენ გვაქვს საპირისპირო ინტერესი. ჩვენს საზოგადოებას აქვს საპირისპირო ინტერესი, რომ დამშვიდდეს ეს ქვეყანა და ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას, ჩვენს კონსტიტუციურ წესრიგს, ამ პრინციპს ეფუძნება კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




