მთლიანად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო 7 ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება მნიშვნელოვანია.
„ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ტაჯიკეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე იცით, რომ ცოტა ხნის წინ გვქონდა ვიზიტი ყირგიზეთში, მალე გვექნება ვიზიტი ყაზახეთში, ივლისის თვეში საქართველოში ჩამოდიან უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები, შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ურთიერთობებში და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. იცით, რომ დიდი ინვესტიციები იდება ამ ყველაფერში დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში, ამასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობების განვითარებას როგორც მეზობელ ქვეყნებთან, იცით, რომ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ასევე მაქსიმალურად ვავითარებთ ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




