საპრემიერო ჩვენებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მეუღლესთან - თამარ ბაგრატიონთან, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - თამარ ლილუაშვილთან და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოადგილესთან - გიორგი ანდღულაძესთან ერთად დაესწრო. სპექტაკლს ასევე ესწრებოდა პარმის სამეფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლუჩანო მესი.
"იტალიაში - საოპერო ხელოვნების სამშობლოში, იქ, სადაც ოპერა უმაღლეს მწვერვალზეა, ჩვენ წარვდექით დიდი ტრადიციით, რომლის საუკეთესო გამოხატულებაა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი".
ჩვენი ხელოვანების მიმართ დამსწრე საზოგადოებამ დიდი პატივისცემა გამოხატა, რაც განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა. ჩვენ მზად ვართ იტალიის ოპერის თეატრებთან აქტიური თანამშრომლობის გასაგრძელებლად. ვფიქრობ, რომ მომავალში ბევრი ერთობლივი პროექტი გვექნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციისთვის", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გოჩა კაპანაძე, დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი, სცენოგრაფია ეკუთვნის ლომგულ მურუსიძეს, ხოლო კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინია.
საოპერო სპექტაკლში მონაწილეობდნენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი, სოლისტები, ახალგაზრდა ქართველი მომღერლები, იტალიელი მუსიკოსებით დაკომპლექტებული ორკესტრი და ფლორენციაში არსებული ქართული ცეკვის ანსამბლი „მამული“.
პარმის სამეფო თეატრში „აბესალომ და ეთერის" პრემიერა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის შემოქმედებითი თანამშრომლობის გაძლიერებას, პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული საოპერო მუსიკის პოპულარიზაციას.
დადგმა პროექტის - „ქართული საოპერო შედევრების საერთაშორისო პრემიერები“ ფარგლებში განხორციელდა.




