იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა და პროფესიული საქმიანობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, აღსრულების სფერო მუდმივად ვითარდება და თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს. ინოვაციების დანერგვა და ინსტიტუციური გაძლიერება კიდევ უფრო ზრდის მომსახურების ხარისხსა და ეფექტიანობას, რაც საბოლოოდ მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება.
აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე, რომელიც აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) ინიციატივით აღინიშნება, მიზნად ისახავს აღმასრულებლის პროფესიის მნიშვნელობის წარმოჩენას და მისი როლის ხაზგასმას სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებაში.
ღონისძიების ფარგლებში, პაატა სალიამ, ბიუროს ხელმძღვანელთან ლაშა მოძღვრიშვილთან ერთად, პროფესიული მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და მაღალი პასუხისმგებლობისთვის, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




