“ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების აღიარება-არაღიარებაზე საუბარი არის პოლიტიკური სპეკულაცია”, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი არის დასტური იმის, რომ ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს.
“ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართველმა ხალხმა აღიარა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” და უკვე მერამდენე წელია მხარს გვიჭერს მოსახლეობის უმრავლესობა. ოპოზიციის მხრიდან კი ხელისუფლების აღიარება-არაღიარებაზე საუბარი არის პოლიტიკური სპეკულაცია. ჩვენ ვაწარმოებთ იმ პოლიტიკას, რაც ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის არის მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება უშუალოდ ეუთო-ს დელეგაციას, გვახსოვს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით როგორი შეფასებები გააკეთეს. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას არჩევნებში მონაწილეობის შანსები თანაბრად ჰქონდა, ქართველ ხალხს კი არჩევანის თავისუფლად გაკეთება შეეძლო. ისიც გვახსოვს ოპოზიციის, რადიკალებისა და გარე ძალების მხრიდან რა რეაქციები მოჰყვა - როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ მისიის წარმომადგენლებს. მათი დამოკიდებულება ვიცით, ჩვენ კი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ვაგრძელებთ”, - აღნიშნა კახა კალაძემ.




