ბიზნესმენი, ბიზნესს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი, მედიასთან აცხადებს, რომ წმინდა სინოდი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირს გამოარჩევს
"ვფიქრობ, ჩვენი უწმინდესის არჩევანი, უწმინდესის გადაწყვეტილება არის ეჭვშეუტანელი. მინდა და ვფიქრობ, რომ მეუფე შიო გახდება საქართველოს შემდგომი, ახალი კათოლიკოს-პატრიარქი. ყველამ, არათუ შემდგომმა პატრიარქმა, ყველა ქართველმა უნდა მივბაძოთ ჩვენს უწმინდესს", - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კრება სამების საკათედრო ტაძარში 13:00 საათზე დაიწყება და მას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი გახსნის.
ისტორიაში ყველაზე წარმომადგენლობით გაფართოებულ კრებას ეპარქიებიდან, სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან მოწვეული 1200 დელეგატი დაესწრება.
სამების საკათედრო ტაძარში დასწრება მხოლოდ სპეციალური სიებით იქნება შესაძლებელი, ხოლო დელეგატებისა და სტუმრების იდენტიფიცირება პირადობის მოწმობების საფუძველზე მოხდება. სტუმრების მიღება დილის 10:00 საათიდან დაიწყება.
საარჩევნო პროცესს სპეციალური კომისიები უხელმძღვანელებენ, სადაც ფარულ კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნება პატრიარქობის სამ კანდიდატს - მეუფე შიოს, მეუფე იობსა და მეუფე გრიგოლს, ასევე ეპარქიების წარმომადგენლებსა და დელეგატებს.
სიტყვით სარგებლობის შემდეგ ჩატარდება დახურული კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ მღვდელმთავრები მიიღებენ. გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც 39 ეპისკოპოსის მინიმუმ 20 ხმას დააგროვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელახალი კენჭისყრა დაინიშნება.
კრება დახურული იქნება, საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში კრების გახსნის, კენჭისყრის პროცესისა და შედეგების გამოცხადების ტრანსლაციას უზრუნველყოფს.
ახალ პატრიარქს ყველა ის ტიტული გადაეცემა რასაც ილია მეორე ატარებდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ამავდროულად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი იქნება.
ინტრონიზაციის ცერემონია მოგვიანებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება,
დღის განრიგი და პროცედურა:
10:00 - 12:00 – დელეგატებისა და სტუმრების მიღება/რეგისტრაცია (სავალდებულოა პირადობის მოწმობა).
13:00 – კრების ოფიციალური გახსნა.
სიტყვით გამოსვლები – კანდიდატებს ექნებათ 5-წუთიანი, ხოლო დელეგატებს 3-წუთიანი რეგლამენტი. ასევე მოხდება ისტორიული მიმოხილვა.
კენჭისყრა – ბიულეტენში იქნება 3 კანდიდატი. გამარჯვებისთვის საჭიროა ხმების 50% +1 (მინიმუმ 20 ხმა). თუ ზღვარი ვერ გადაილახა, დაინიშნება მეორე ტური ორ საუკეთესო კანდიდატს შორის.
შედეგების გამოცხადება – შედეგები ცნობილი ხვალვე გახდება. მას კომისიის თავმჯდომარე, მეუფე ანანია გამოაცხადებს.
უსაფრთხოება და შეზღუდვები:
წვდომა ტაძარში: შიგნით შესვლა მხოლოდ სპეციალური სიებითაა შესაძლებელი. ტაძრის ეზოში ყოფნა კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მობილური ტელეფონები: კრებაზე მკაცრად იზღუდება მობილური ტელეფონებით სარგებლობა.
მედია: კრების გახსნა, კენჭისყრა და შედეგების გამოცხადება პირდაპირ ეთერში გადაიცემა („პირველი არხის“ მიერ), თუმცა ხმების დათვლის პროცესი დახურული იქნება.
სატრანსპორტო შეზღუდვები (09:00 - 18:00):
სამების მიმდებარედ მოძრაობა იზღუდება:
აიკრძალება მოძრაობა ბუხაიძის, სამრეკლოს, გონაშვილისა და ახვლედიანის ქუჩებზე.
საპარკინგე სივრცეები მოეწყობა ახვლედიანის მოედანსა და ხეთაგუროვის ქუჩაზე (იმოქმედებს უფასო მიკროავტობუსები ტაძრამდე).




