ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნით ჩვენ მივიღეთ ის, რომ რეალურად გაძლიერდა მთავრობის ადმინისტრაციის საზედამხედველო ფუნქცია, რომელიც გამომდინარეობს პრემიერ-მინისტრის კონსტიტუციური უფლებამოსილებიდან, გააკონტროლოს ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში შედის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ერთ-ერთი გარდამტეხი ცვლილება იყო ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდელი.
„ჩვენ გვქონდა არასწორი პრაქტიკები და ეფექტიანობის დეპარტამენტმა, მთავრობის შესყიდვებისა და ბაზრების კვლევის დეპარტამენტთან ერთად, მოახერხა, რომ ახალი კულტურა დაენერგა მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ შესყიდვების სააგენტოსთან, ასე ერთობლივად შევძელით ის, რომ გარდამტეხი ცვლილებები შევიტანეთ. ერთ-ერთი გარდამტეხი ცვლილება იყო ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდელი, რომელიც ახლა ამოქმედდა, პირველი იანვრიდან ოფიციალურად სავალდებულო გახდა ყველა შემსყიდველისთვის, რომ ბაზრის კვლევები გააკეთონ ელექტრონულად. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ 4 მილიარდის ღირებულების ბაზრის კვლევა გაატარა სისტემამ, საიდანაც 75 პროცენტი დასრულდა დადებითი შედეგით. ეს სისტემა გამორიცხავს კარტელურ გარიგებებს.
ახლა ჩვენ ვგეგმავთ შესყიდვების ხელშეკრულების მონიტორინგი გადავიტანოთ ელექტრონულ პლატფორმაზე. ამ მიმართულებით ვმუშაობთ. პროგრამული ნაწილია გასავლელი. შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოც. გვინდა, რომ ტექნოლოგიები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რომ სუბიექტივიზმი გამოირიცხოს. საბოლოო ჯამში უნდა მივიდეთ იქამდე, რომ დღეს თუ ეკონომიები არის ძალიან ბევრი, საბოლოო ჯამში, რამდენიმე წელიწადში ეს რიცხვები უნდა შემცირდეს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ეფექტიანობის დეპარტამენტს არ ვხედავთ მხოლოდ მონიტორინგის ნაწილში, საკონსულტაციო ფუნქციას აქვს. ჩვენი მიზანია, სახელმწიფო შესყიდვებში ბიუჯეტი ისე იხარჯებოდეს, რომ ვიღებდეთ ადეკვატურ პროდუქტს, მაქსიმალურად გამოვრიცხოთ შიდა გარიგებები და კარტელური შეთანხმებები გარედან“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.




