ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.
მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, მაღალი დონის ვიზიტები დამატებით შესაძლებლობებს ქმნის როგორც ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ისე სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით.
„პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ტაჯიკეთში არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა იძლევა კარგ შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა მიმრათულებით ურთიერთობების განვითარებაზე ვისაუბროთ,” - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე რეგიონული დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქციის განვითარების კონტექსტში.
„ზოგადად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობები ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტი იმ თვალსაზრისით, რომ მათთვის საქართველო არის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა. ამ კონტექსტში საჭიროა ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა ქვეყნებს შორის. ასევე, საინტერესოა ჩვენთვის ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პარტნიორობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სწორედ ეს ვიზიტი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას და გაძლიერებას,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.




