ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
მისი განმარტებით, შეხვედრა ევროკავშირის რეგულაციით გათვალისწინებული სავიზო დიალოგის ფორმატში გაიმართა და მის მთავარ მიზანს ევროპული მხარისთვის საქართველოს პოზიციებისა და არგუმენტების დეტალურად გაცნობა წარმოადგენდა.
„შეხვედრა გაიმართა სავიზო დიალოგის ფარგლებში, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის რეგულაციით და შეეხებოდა სავიზო რეჟიმის ნაწილობრივ შეჩერების საკითხებს. ქართულმა მხარემ, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, წარადგინა პოზიციები, რაც შეეხება იმ წუხილებს და რეკომენდაციებს, რაც დაფიქსირებული იყო ევროკავშირის მხრიდან. ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა. ჩვენი მხრიდან მთავარი მიზანი იყო, რომ ევროპულ მხარეს ამ დონეზე მიწოდებოდა ინფორმაცია და ქართული მხარის პოზიციები თითოეულ საკითხზე, რაც შეეხება სავიზო დიალოგს და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართული მხარის მოლოდინია, რომ პროცესი გაგრძელდება და ევროკავშირის მხარე მხედველობაში მიიღებს სავიზო დიალოგის ფარგლებში არსებულ ლეგიტიმურ არგუმენტებს.
„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს იყო პირველი შეხვედრა, ეს არ არის ბოლო შეხვედრა და მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც არსებობს სავიზო დიალოგის ფარგლებში და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რაც აქვს ქართულ მხარეს,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში არ ყოფილა საუბარი სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით და რეალურად ეს იყო პირველი შეხვედრა, რომლის ფარგლებში გაიცვალა ინფორმაცია მხარეებს შორის.










