ჯერჯერობით მეტი არაფერი ვიცი, ჩვენც ველოდებით ახალ ინფორმაციას. ვფიქრობ, საღამოს რაღაც გვეცოდინება. როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა, - განუცხადა საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ილია II-ეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიას
მეუფის თქმით, ღამის საათებში თურქეთიდან რეანიმატოლოგი ჩამოვა, რომელიც პატრიარქის მდგომარეობას შეაფასებს.
„ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით. თურქეთიდან ღამის 01:00 საათისთვის ველოდებით რეანიმატოლოგს. ამჟამად მიმდინარეობს იგივე თერაპია, რომელიც აქამდე იყო დანიშნული. ელოდებიან, როგორი დინამიკა იქნება პატრიარქის მდგომარეობის იმისთვის, რომ განსაზღვრონ შემდგომი მოქმედება. მთავარია, ყველამ ვილოცოთ, მთელმა საქართველომ, მისი ჯანმრთელობისთვის." - განაცხადა მეუფე შიომ.
შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება.
როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, პატრიარქი ამ დროისთვის , მართვით სუნთქვაზე იმყოფება.




