"ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემაში არსებული ნაკლოვანებები, მაგალითად ჭარბი დოზების არსებობა და ა.შ. დღეს სრულად დაზღვეულია - ეს პრაქტიკა მთლიანად აღმოფხვრილია და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა" - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ჩანაცვლებითი თერაპიის რეფორმის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ რეფორმა გრძელდება და განსაკუთრებული ყურადღება, ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებასა და პაციენტის განკურნებისთვის საჭირო და აუცილებელ სერვისებს განვითარებას დაეთმობა.
“მომდევნო ფაზები გვაქვს წინ, აუცილებლად უნდა დავანგრიოთ მითი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა უსარგებლოა ნარკომანის განკურნებაზე მუშაობა. სამწუხაროდ, სისტემა ფუნქციონირებდა ამგვარად, რომ ზიანის შემცირებაში, ნარკომანიასთან ბრძოლაში მოიაზრებოდა ის, რომ ნარკომანს არ ჰქონდა რთულად საძებარი ნარკოტიკული საშუალება, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება და სამწუხაროდ, არაერთ სპეციალისტს ნახავთ, რომელიც ამ მსოფლმხედველობას ამკვიდრებდა, იზიარებდა ან ასე აწყობდა. ეს მითი საბოლოოდ უნდა დაინგრეს. ყველას, ვისაც აქვს მზადყოფნა და სურვილი, რომ რაღაცნაირად განთავისუფლდეს ამ მძიმე ტვირთვისგან რასაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია მას სახელმწიფო მხარში დაუდგება. ვისაც ასეთი სურვილი ჯერ არ აქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ გავუჩინოთ. მთავარია, რომ ნარკომანიის ტვირთი, ზიანი საზოგადოებისთვის ნარკომანიით გამოწვეული იყოს დღითიდღე კლებადი”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიზნით დაინერგება შედეგზე ორიენტირებული, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მხარდაჭერის სერვისები.
მინისტრმა ფსიქოტროპული პრეპარატების სფეროში გატარებული რეფორმაც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ცვლილებებმა გარდა სხვა მნიშვნელოვანი მანკიერებებისა, წამლებზე არარეალურად დიდი ფასნამატი გამოავლინა.
“იყო მავნე პრაქტიკა და კომერციული ინტერესი, რომ რაც შეიძლება დიდი ყოფილიყო მოხმარება და დამოკიდებულება. რაც სისტემა ამ წნეხისგან განთავისუფლდა გვაქვს ძალიან საინტერესო მოცემულობა, ერთის მხრივ, ფასების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და მეორეს მხრივ, აქტიური კონტროლი. ჩვენ განვახორციელეთ შემოწმებების რამდენიმე ფაზა. მოგეხსენებათ, რომ ყველას არ აქვს ამ რეცეპტების გამოწერის უფლება და ვისაც აქვს მათი კონტროლი არის მნიშვნელოვანი ამოცანა. კონტროლის ფაზების დროს, გამოვლინდა ძალიან ბევრი ნაკლოვანება, მათ შორის, მაგალითად ზედმეტად, არარელევანტურად დანიშნული რაოდენობა და დოზები. ამას, რა თქმა უნდა მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. არის პრაქტიკა, როდესაც მაგალითად ფიზიკურად, პაციენტის მისვლის გარეშე ხდებოდა მედიკამენტის გამოწერა და სხვა. ყველა ამ პრაქტიკას მოსდევს შესაბამისი რეაგირება. აქვე მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და ყველას მოვუწოდო რომ მაქსიმალურად ფრთხილები იყვნენ, როდესაც ასეთი ტიპის საქმიანობას ახორციელებენ. განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყრობა ამას სახელმწიფო - ეს არის სფერო, სადაც გამართლებულია იყოს უმკაცრესი კონტროლი”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ფსიქოტროპული პრეპარატების ქვეყანაში იმპორტს, დღეს მხოლოდ სახელმწიფო ახორციელებს. ცვლილებები კი სექტორთან თანამშრომლობით, რბილად და უმტკივნეულოდ განხორციელდა.




