„სალომე ზურაბიშვილი „გლობალური ომის პარტიის“ მართვის სისტემას უკვე ბოლომდე ექვემდებარება. ამიტომ, ფხიზლად უნდა ვიყოთ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკოსებს, რომლებიც ერთმანეთს არ ინდობენ, ერთპროცენტიანი პარტიები აქვთ, ან „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ, საზოგადოება არ უნდა ენდოს.

 „CBS-ის ახალი სიუჟეტი მაგონებს CNN-ზე სააკაშვილთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს, სადაც პირდაპირ თქვეს, რომ ქართული სახელმწიფო სააკაშვილს აწამებდა. შემდეგ, ზელენსკის გამოხმაურება იყო ამაზე ცალკე და ა.შ. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებები რუს ტურისტებთან დაკავშირებით ერთმანეთს დაემთხვა, ასევე, ამ თემაზე მათთან დასმული კითხვებიც.

 

ამავე ხაზს გვაჩვენებს ქართველი ოპოზიციონერი ქალბატონების განცხადებაც, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცდილობდა ევროპელი ლიდერების დარწმუნებას, რომ საქართველოს ეს სტატუსი არ მიეღო. ამას, როცა ამბობდა პრემიერი, მაშინ დუმდნენ და ახლა აღიარეს, რომ მათაც ჰქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ მხოლოდ მაშინ თქვეს, როცა  ევროპელმა პარტნიორებმა უთხრეს, რომ ამაზე ესაუბრათ. „ხალხის ძალაც“ ვსაუბრობდით ამის შესახებ, მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა. ვამბობდით, რომ გავაგრძელებდით იმ პროცესს, რაც მის მოპოვებაში დაგვეხმარებოდა; ვიმუშავებდით 12 პუნქტის შესრულებაზე და ა.შ. თუმცა, რადიკალური ოპოზიცია ამ პროცესში არ ჩართულა.

 

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით არეულობის გეგმა აღარ გამოდის, ამიტომ, ახლა გეგმაში სალომე ზურაბიშვილია. სწორედ ამიტომ ჩაიწერა CBS-ზე მასთან ინტერვიუ. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, როგორი სწორი იყო მთავრობა, როცა სალომე ზურაბიშვილს ნებართვა არ მისცა საერთაშორისო ვიზიტები ჩაეტარებინა. წარმოიდგინეთ, სალომე ზურაბიშვილი ამერიკული ტელეარხის ინტერვიუში საჯაროდ რას ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მოსახლეობაზე და დახურულ კარს მიღმა რას იტყოდა. ან, როგორი იყო 26 მაისს მისი გამოსვლა, ან, როცა პარლამენტში მივიდა, რა შეფასებები გააკეთა - ის უკვე რადიკალურ ფრთაზეა გადასული. სალომე ზურაბიშვილი „გლობალური ომის პარტიის“ მართვის სისტემას უკვე ბოლომდე ექვემდებარება. ამიტომ, ფხიზლად უნდა ვიყოთ. უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. არ დგას საკითხი ისე, რომ ყველაფერი კარგად არის - არაფერი არ არის კარგად. ნაბიჯ-ნაბიჯ კი მივდივართ და ქვეყანას ვავითარებთ, მაგრამ ეს უფრო მეტ სიფხიზლეს მოითხოვს ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. რადგან სუს-ი გამოვიდა და პრევენციის მიზნით მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ იგეგმება არეულობა, ეს ნიშნავს, რომ მცდელობები იქნება და ამაზე კონცენტრირებული უნდა ვიყოთ. მთავარი აქცენტები 2024 წლის არჩევნებზე გადავა და მოსახლეობა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ეს რადიკალური ფრთა, რომელსაც ოპოზიცია აღარ ჰქვია, პოლიტიკიდან გავიდეს. ამ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს არ ინდობენ, ერთპროცენტიანი პარტიები აქვთ, ან „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ, საზოგადოება როგორ უნდა ენდოს? რა კოალიციები შეიძლება შეიქმნას მათგან, რომ ქვეყნის მართვა ჩააბარო? ეს ხომ ქვეყნის დაღუპვა და სირცხვილი იქნება?“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.