ორშაბათს საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე, მონაკოში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი — მძიმედ.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, მომხდარი „სავარაუდოდ ტერაქტია“, თუმცა მონაკოს სახელმწიფო მინისტრმა, კრისტოფ მირმანმა საზოგადოებას მოუწოდა, ფაქტის სამართლებრივ შეფასებაში სიფრთხილე გამოიჩინონ.
აფეთქება საფრანგეთის საზღვართან ახლოს, იტალიის ბულვარსა და მამა ლუი ფროლას ქუჩას შორის მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
მონაკოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ვიდეომეთვალყურეობის კამერებმა დააფიქსირეს მამაკაცი, რომელმაც შენობის ძირში ზურგჩანთა (დანაღმული ამანათი) დატოვა, რის შემდეგაც ტერიტორია ფეხით დატოვა. ეჭვმიტანილს კრემისფერი შარვალი, შავი ქურთუკი და შავი ქუდი ეხურა, რომელიც მისი სახის ნაწილს ფარავდა.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, ჭანჭიკებსა და საფანტს შეიცავდა. დამნაშავის დასაკავებლად მონაკოსა და საფრანგეთის პოლიცია ერთობლივად მუშაობს. შემთხვევის ადგილზე ფრანგული მაშველების დამატებითი ძალებიც (5 ავტომობილი და 14 მეხანძრე-მაშველი) გაიგზავნა.
დაზარალებულებს შორის ცნობილი უკრაინელი მილიონერია
გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, სამივე დაშავებული 50-დან 60 წლამდე ასაკის წყვილი და 13 წლის მოზარდი უკრაინის მოქალაქეები არიან.
საავადმყოფოში გადაყვანილ პირებს შორის არიან ცნობილი უკრაინელი ოლიგარქი ვადიმ ერმოლაევი და მისი პარტნიორი. 1968 წელს დაბადებული ერმოლაევი ჟურნალ Forbes-ის მიერ შედგენილ უკრაინის 100 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის 23-ე ადგილს იკავებს.
პოლიცია საქმის გამოძიებას ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს.




