ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ 2025 წლის განმავლობაში შესრულებული პროექტების ანგარიში საზოგადოებას წარუდგინა.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
ანგარიშის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, ნაძალადევის რაიონში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის 38 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
ირაკლი ანდღულაძემ სიტყვით გამოსვლისას 2025 წლის მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
როგორც აღინიშნა, წლის დასაწყისიდან სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. საგზაო ინფრასტრუქტურა რაიონში 69 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, მათ შორის კაპიტალური და ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები 132 მისამართზე შესრულდა, 7 მისამართზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 15 მისამართზე განხორციელდა, სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაციამ 25 მისამართი მოიცვა და სრულად განახლდა 7 სპორტული მოედანი.
"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, შესრულდა 203 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის 48 საცხოვრებელ კორპუსში შეკეთდა სახურავი, 54 კორპუსში ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა და 43 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა.
ირაკლი ანდღულაძის თქმით, მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, ისევე როგორც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობის ამაღლებაზეა ორიენტირებული.
მან ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ, საერთო ჯამში, წლის განმავლობაში 18 000-ზე მეტი ბენეფიციარი დაფინანსდა.
ამასთან, რაიონის გამგეობამ 7 კულტურულ-სპორტული და შემეცნებითი ღონისძიება ჩაატარა, წლის ბოლოს კი, საახალწლო საზეიმო ღონისძიების გამართვაც იგეგმება.
დელეგირებული უფლებამოსილებით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი 12 საჯარო სკოლაში განხორციელდა.
პრეზენტაციას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები შალვა მაისურაძე, ირაკლი ბენდელიანი, დავით ჭელიძე და ვალერიან პაპუაშვილი, ასევე, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.




