ნიცის მერმა, ერიკ სიოტიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ სასამართლოში უჩივლა საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრ ფილიპ ტაბაროს მის მიმართ გამოთქმული მუქარის გამო. ნიცის პროკურორმა, დამიენ მარტინელიმ სააგენტო AFP-ს დაუდასტურა, რომ შეტყობინება მიიღო და ახლა ოფიციალურ სარჩელს ელოდება შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის.
რა ვითარებაში მოხდა ინციდენტი?
გამოცემა Le Canard enchaîné-ს ინფორმაციით, ორ პოლიტიკოსს შორის მწვავე შელაპარაკება კვირას, ნიცაში გამართულ გამოფენაზე მოხდა, სადაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმყოფებოდნენ.
“მისტერ ტაბარომ საჯაროდ მომაყენა შეურაცხყოფა და გამომიცხადა, რომ „გამაქრობდა“ და ამისთვის „ქართველებს მომისევდა“. ეს სიტყვები, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის 222-17 მუხლით გათვალისწინებულ წინასწარ განზრახულ მუქარას წარმოადგენს, ჩემი მხრიდან ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე, რამდენიმე მოწმის თანდასწრებით ითქვა“, — წერს ერიკ სიოტი და დასძენს, რომ მინისტრმა მას საჯაროდ „კაცუნა“ უწოდა.
ეს ინციდენტი ალპ-მარიტიმის რეგიონში მემარჯვენე ფრთებს შორის მიმდინარე პოლიტიკური ომის ფონზე მოხდა. სიოტიმ 2024 წელს დატოვა პარტია „რესპუბლიკელები“ (LR), რომელსაც მანამდე ხელმძღვანელობდა, და მარინ ლე პენის „ეროვნულ გაერთიანებას“ მოკავშირეობით შეუერთდა.
რას ამბობს მინისტრი?
ფილიპ ტაბაროს გარემოცვა ამ ვერსიას უარყოფს. მინისტრის ახლობლებმა AFP-ს განუცხადეს, რომ ეს იყო პირადი პასუხი ერიკ სიოტის მორიგ პროვოკაციაზე, რომელსაც ტაბარო უკვე 30 წელია იცნობს. მათი თქმით, პრეზიდენტ მაკრონის ვიზიტისას სწორედ სიოტიმ უთხრა მინისტრს, რომ „მისი სენატიდან და ახლა უკვე მთავრობიდან გაქრობა სურდა“.
მინისტრის გარემოცვის განცხადებით, ეს არის სიოტის მხრიდან ბოლო კვირებში წამოწყებული საჯარო თუ პირადი თავდასხმების გაგრძელება, რაც დაკავშირებულია ნიცის საფეხბურთო კლუბის (OGC Nice) გულშემატკივრების ტრანსპორტირებასა და საფრანგეთის მიერ ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის დაკარგვასთან.
ისინი ნიცის მერს პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებენ.
პრემიერ-მინისტრისადმი მიწერილ წერილში ნიცის მერი მთავრობის მეთაურს, სებასტიან ლეკორნუს სთხოვს, დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს მინისტრის უფლებამოსილება ფილიპ ტაბაროს. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი.




