დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავა, უწყებაში განაცხადეს, რომ იგი დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. თუმცა არ დაუკონკრეტებიათ დაკავებულის ვინაობა. როგორც "აიპრესს" სუსში განუცხადეს, დაკავებულია "ევრაზიული ინსტიტუტის" დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე.
🔴 ტელე-რადიო კომპანია "ობიექტივის" გულბაათ რცხილაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.
""ობიექტივი" წლებია აშენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელს, რომელიც უნდა აეშენებინა საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაგრამ ეს არ გააკეთა.
ჟურნალისტებს, ექსპერტებს, ადვოკატებს, ახალგაზრდულ მოძრაობებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ გაუძღვნენ გადაცემებს "ობიექტივის" ეთერში, დამოუკიდებელი წამყვანების სტატუსით, ყოველგვარი ცენზურის გარეშე.
ამ პრინციპით "ობიექტივი" ხელმძღვანელობს ათწლეულებია და მაყურებელს აქვს საშუალება, - ეთერში მოისმინოს მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებები.
გულბაათ რცხილაძეს სწორედ დამოუკიდებელი წამყვანის სტატუსით მიჰყავდა გადაცემა "ობიექტივის" არხზე. ის არ გახლავთ "ობიექტივის" წევრი ან თანამშრომელი.
გულბაათ რცხილაძე წარმოადგენს არასამთავრობო სექტორს, ის მონაწილეობდა და თავადაც მართავდა საჯარო კონფერენციებს, ბრიფინგებსა და ღონისძიებებს, აქტიურობდა საჯარო სივრცეში, რაც, ჩვენი აზრით, ნაკლებადაა თავსებადი ჯაშუშობასთან და საიდუმლო საქმიანობასთან.
ასევე, ნაკლებად დამაჯერებელია, რომ გულბაათ რცხილაძეს ხელი მიუწვდებოდა რაიმე საიდუმლო ინფორმაციაზე; და თუ დავუშვებთ, რომ ასეთ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა, უნდა დავასკვნათ, რომ მასზე მუშაობდნენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რაც ასევე დაუჯერებელია.
სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებში ამოიკითხავთ, რომ (მაგალითად) რუსეთის ჯაშუში საჯაროდ უნდა ლანძღავდეს რუსეთს და აქებდეს საქართველოს ხელისუფლებას. ამ ყოველივეს არანაირად არ ესადაგება გულბაათ რცხილაძე, რომელიც საჯაროდ აქებდა რუსეთს და ღიად უპირისპირდებოდა საქართველოს ხელისუფლებას. - ნათქვამია "ობიექტივის" განცხადებაში. რომელიც "ფეისბუკზე" გამოქვეყნდა.




