როგორც მოგეხსენებათ, ბატონმა ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის, რომ საპროცესო გარიგება გაფორმებულიყო მასთან. შესაბამისად, მოხდა შეთანხმება ბრალდებულსა და სახელმწიფოს შორის და მას განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მედიასთან განაცხადა. 

"რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუმცა ხაზგასასმელია და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში კანონი არის უზენაესი თითოეული მოქალაქისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, თანამდებობის პირია, უბრალო მოქალაქეა თუ პრემიერ-მინისტრი, ნებისმიერ პირს ევალება კანონის დაცვა და შესაბამისად, დღეს ამას ვხედავთ, რომ კანონის უზენაესობა საქართველოში დაცულია. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, კანონი უნდა აღსრულდეს ამ შემთხვევაში, რადგან დანაშაული ჩადენილია. ვინც არ უნდა იყოს დანაშაულის ჩამდენი, კანონი უნდა აღსრულდეს“, - აღნიშნა პაატა სალიამ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალში დამნაშავეს ცნო და 5 წლით პატიმრობა შეეფარდა. ყოფილი პრემიერი სასამართლო დარბაზში დააკავეს და მას სავარაუდოდ №12 რუსთავის ციხეში შეასახლებენ. 

საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.