ევროკავშირის ყოფილმა უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა ევროკომისია დიპლომატიასა და თავდაცვის სფეროში თავისი როლის უკანონო გაზრდის გამო მკაცრად გააკრიტიკა. 

გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკომისიისა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ფუნქციების გადაკვეთამ საგარეო პოლიტიკურ მანქანაში „საკმაო ქაოსი“ შექმნა. 

„ევროკომისია არ საუბრობს ევროკავშირის სახელით; კომისია წარმოადგენს მხოლოდ კომისიას“, — განაცხადა მან.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ყოფილი მთავარი დიპლომატი საჯაროდ და პირდაპირ აცხადებს, რომ ევროკავშირის აღმასრულებელმა შტომ, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი საზღვრები. ბორელმა ციტირება მოახდინა ევროკავშირის ხელშეკრულებიდან, რომლის მიხედვითაც, კომისიის საგარეო წარმომადგენლობა არ ვრცელდება ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, რაც წევრი ქვეყნების დედაქალაქების პრეროგატივაა.

დაპირისპირების მიზეზი: ისრაელთან ურთიერთობა და ორმაგი სტანდარტები

ბორელის განსაკუთრებული უკმაყოფილება ევროკომისიის ისრაელთან კავშირებმა გამოიწვია. მან მაგალითად მოიყვანა ხმელთაშუა ზღვის აუზის საკითხებში ევროკომისარ დუბრავკა შუიცას შეხვედრა ისრაელის ოფიციალურ პირებთან. ეს შეხვედრა შედგა მას შემდეგ, რაც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა ურთიერთობა გაწყვიტა EEAS-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელ კაია კალასთან, რომელმაც ისრაელის ქმედებები პალესტინელების მიმართ აპარტეიდის რეჟიმს შეადარა.

„რა უფლებამოსილებით მიდის კომისარი ისრაელში იმის სათქმელად, რომ ევროკავშირს და ისრაელს ერთმანეთი უყვართ, როდესაც ამავდროულად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ისრაელის მიერ ბლოკირებულია?“ - აღნიშნა ბორელმა.
რთული ურთიერთობა ფონ დერ ლაიენთან
ჟოზეფ ბორელი, რომელიც ხშირად გამოირჩეოდა ისრაელის მკაცრი კრიტიკით და მას გენოციდშიც კი ადანაშაულებდა, თავისი ვადის განმავლობაში (2019-2024 წლები) კაია კალას მსგავსად ხშირად შედიოდა კონფლიქტში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, რომელსაც კრიტიკოსები თელ-ავივის მიმართ ზედმეტად ლოიალურ პოზიციაში ადანაშაულებენ. 

ბორელმა აღიარა, რომ მასთან მუშაობა მარტივი არ იყო, თუმცა ვითარების მართვას მაინც ახერხებდნენ.
თავად ბორელიც არაერთხელ გამხდარა კრიტიკის სამიზნე თავისი უფლებამოსილების პერიოდში, მათ შორის 2021 წელს მოსკოვში ვიზიტისას, როდესაც მან სათანადო პასუხი ვერ გასცა სერგეი ლავროვს, რომელმაც ევროკავშირის ლიდერები ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ტყუილში დაადანაშაულა.