პირველი შეხვედრა ქალაქ ბათუმში, აჭარის რეგიონის სტუდენტებთან გაიმართა. 

ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები სტუდენტებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები განიხილეს.

ორგანიზაციის გაცხადებული  მიზანია სტუდენტებთან ღია, საჯარო და მჭიდრო კომუნიკაცია, რათა  უზრუნველყოფილი იყოს მათი აქტიური ჩართულობა როგორც პოლიტიკურ პროცესებში, ასევე ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში.  

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს.

„ჩვენი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება, მეტი საუბარი ახალგაზრდებთან - ყველამ კარგად ვიცით, რომ თუ არა მათი ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც დღეს ვითარდება ქვეყანასა და ზოგადად, მსოფლიოში, შეუძლებელი იქნება ქვეყნის წინსვლა”, - „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვარლამ ლიპარტელიანი. 

„ეს გახლავთ სივრცე დიალოგისათვის, რადგანაც ჩვენ გვჯერა, რომ ახალგაზრდების პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა, მათთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება, მათი გამოწვევების მოსმენა გახლავთ უმთავრესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ყველას ჩვენი წილი საქართველო გვიყვარს, ვართ ორიენტირებულები, რომ ჩვენი ქვეყნისთვის გარკვეული სიკეთე გავაკეთოთ, ეს პროექტიც, სწორედ, ამის გამოძახილია”, - „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, მარიამ გრიგოლიშვილი. 

„დიდი მოლოდინები გვაქვს, გვჯერა, რომ ქართველ ახალგაზრდებთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტს წარვმართავთ. ჩვენი უმთავრესი მიზანია, შევხვდეთ ახალგაზრდებს, მოვისმინოთ მათი პრობლემები, საჭიროებები, გავეცნოთ  და ერთობლივი თანამშრომლობით შევძლოთ უკეთესი  მომავლის შენება საქართველოსთვის”, - „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრი თეკლა თიკანაშვილი.

„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. ორგანიზაციის წევრები სტუდენტებს ყველა მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქალაქში შეხვდებიან. - ნათქვამია "ქართული ოცნების" გავრცელებულ ინფორმაციაში.