თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და თბილისის საკრებულოსთან არსებულ ეთნიკური უმცირესობის საკოორდინაციო საბჭოს შორის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა და სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ხათუნა ცერცვაძემ, გახსნეს.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, საკრებულოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება არსებობს.
„მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბჭოს წევრებმა სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ არსებული პროგრამების შესახებ და შემდგომ საკუთარ თემებში გაავრცელონ. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოქალაქეთა დასაქმების გაზრდას, სერვისების ხელმისაწვდომობას და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა ბურჭულაძემ პრეზენტაცია გამართა, რომელზეც ეთნიკური თემის წარმომადგენლებს სააგენტოს საქმიანობის, მათი სერვისების და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მონაწილეებმა იმსჯელეს ეთნიკური უმცირესობების დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმებზე, გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.




