1,700 წელია, რაც არსებობს ქართული სამოციქულო ეკლესია და ღვთის როგორი მადლია, რომ 1,700 წლის მერე გვყავდა პატრიარქი, რომელიც ყველაზე ეპოქალური და საყოველთაო იყო. ვინც იყო - ბავშვების საყვარელი პატრიარქი. - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მისი მიძინებაც ქართველობის და ქრისტიანობის საუკეთესო გაკვეთილად იქცა. ქრესტომათიულ სახელმძღვანელოდ, რომელიც თაობებს ასწავლის ერთიანობას, მადლიერებასა და სიკეთეს.
ან ეს დუმილი. ასეთი მეტყველი... მგონია, რომ გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარე“ ერთგვარი წინასწარმეტყველება იყო 2027 წლის 22 მარტისა. თითქოს გალაკტიონმა უწმიდესის ბოლო მზიან ღამეზე დაწერა:
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე,
ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე…
და მახსენდება, რომ ზუსტად 10 წლის წინ, ისევ სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა გალაკტიონს წესი აუგო. დაღუპვიდან 68 წლის მერე და უფალს შეავედრა მისი სული. იმავე დღეს მთაწმინდაზე, მის საფლავზე ჩატარდა საეკლესიო პანაშვიდიც.
ესეთი პატრიარქი გვყავდა ჩვენ - „უჟამო ჟამი“, რომელსაც თითოეულ ოჯახში თავისი გამორჩეული ადგილი ქონდა და ექნება სამარადჟამოდ." - წერს რატი იონათამიშვილი "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პატრიარქის სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალეს




