,,ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს’’ ორგანიზებით გაიმართა ეკონომიკური ფორუმი, რომელიც შეეხებოდა დეველოპერული კომპანიების საქმიანობასა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვიყენებთ ყველა მსგავს ფორმატს, რომ ერთის მხრივ, ჩვენი პოზიციები გავაცნოთ საზოგადოებას და ასევე, გავიგოთ იმ საჭიროებების შესახებ, რაც კერძო სექტორს გააჩნია“-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური ფორუმის დისკუსიაში - „სამშენებლო-ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-დეველოპერული პროექტების გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე”.
მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სამინისტროს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. საუბარი შეეხო საგზაო დერეფნების და საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებებს.
რევაზ სოხაძემ ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ მასშტაბური ინფრასტრუქტურული ინვესტიციები ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას, კერძო ინვესტიციების მოზიდვას, რეგიონების განვითარებასა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის აუცილებელ საკანონმდებლო და საინვესტიციო გარემოზე, კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელობაზე.
დისკუსიის მონაწილეებმა, ასევე განიხილეს სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების ტენდენციები, სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების, ხარისხის სტანდარტების და კვალიფიციური სამუშაო ძალის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
ფორუმს ესწრებოდნენ საკანონმდებლო ხელისუფლების, საინვესტიციო, საფინანსო და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების ორგანიზატორი იყო “ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“.




