საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ რუსთავში მასშტაბური ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი და კონკურსი გამოაცხადა.

გამოცხადებული ტენდერი ითვალისწინებს ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების აღდგენას, საზოგადოებრივი დანიშნულების ტურისტული და რეკრეაციული ობიექტების კეთილმოწყობას, ქუჩებისა და გზების განახლებას, ასევე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციას.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ასევე გამოაცხადა კონკურსი რუსთავის ცენტრალური პარკის — საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლის — განახლებაზე. პროექტის მიზანია პარკის სრულფასოვან, თანამედროვე რეკრეაციულ სივრცედ გარდაქმნა, რომელიც ყველა ასაკობრივი ჯგუფის დასვენებისა და აქტიური დროის გატარებისთვის იქნება განკუთვნილი.